ახალი ამბები

სტუდენტებმა გამოცდაზე გასვლის საფასური სამინისტროსთან ხურდების მიტანით გააპროტესტეს

4 დეკემბერი, 2019 • 1047
სტუდენტებმა გამოცდაზე გასვლის საფასური სამინისტროსთან ხურდების მიტანით გააპროტესტეს

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა რეზიდენტურისა და სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის საფასურის გაზრდა ჯანდაცვის სამინისტროსთან დღესაც გააპროტესტეს.

სტუდენტების განცხადებით, მითთვის მიუღებელია სამინისტროს შეთავაზება, თანხის განახევრებასთან დაკავშირებით და მიიჩნევენ, რომ გამოცდაზე გასვლა სრულიად უფასო უნდა იყოს. განახევრების გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად მათ სამინისტროში ხურდა ფულიც მიიტანეს.

“ყველამ მოისმინეთ სამარცხვინო და ალოგიკური პასუხები, ისიც დაინახეთ, რომ ყველანაირად ცდილობდნენ თანხის განახევრებით პროტესტი ჩაეხშოთ. შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ . არ ვნებდებით !!!,”-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

“სტუდენტების დარეგისტრირდნენ უფასო გამოცდაზე და მხოლოდ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ Facebook პოსტიდან შეიტყვეს, რომ გამოცდა ფასიანი იყო. ეს არის დიდი უსამართლობა,” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ანა კაკაბაძე.

დღეს, 4 დეკემბერს, სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუამ განაცხადა, რომ  სტუდენტებისთვის საკვალიფიკაციო და სასერფიტიკაციო გამოცდების საფასური განახევრდება. შესაბამისად, საკვალიფიკაციო გამოცდის ღირებულება 40 ლარი, ხოლო სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური 60 ლარი იქნება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ორივე გამოცდაზე, ჯამში, 2 100 ადამიანია რეგისტრირებული.

სამინისტროში განმარტავენ, რომ თანხის განახევრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მონაწილეობით მოხდება. გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზად კი სამინიტრო გამოცდამდე დარჩენილ მცირე დროს ასახელებს.

“ურთიერთშეთანხმების ნიადაგზე, სამედიცინო უნივერსიტეტი გამოყოფს სათანადო რესურსს, რომელიც შეამცირებს გამოცდების ორგანიზებისა და ჩატარების დანახარჯებს”,-აცხადებენ სამინისტროში.

რეზიდენტურაში სწავლის მსურველებმა გუშინ, 3 დეკემბერს, ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მთავრობის იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდებზე გასვლა ფასიანი გახდა. მათი თქმით, რეზიდენტურაში სწავლა, რაც რეალურად სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში პრაქტიკის გავლას გულისხმობს, ისედაც ფასიანია და გამოცდაზე გასვლაში ფული არ უნდა გადაიხადონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი