ახალი ამბები

სადავო ფანჯარა ორი საუკუნის წინ აშენებულ სახლში

25 მაისი, 2015 •
სადავო ფანჯარა ორი საუკუნის წინ აშენებულ სახლში

სვეტა ებანოიძე მესამე სართულზე ცხოვრობს. როგორც ამბობს, მისი ბინის ქვემოთ, მეორე სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა თინა სულხანიშვილმა საყდრენ კედელზე ორი ფანჯარა 2014 წლის აგვისტოში ამოჭრა. სვეტა ებანოიძის თქმით, მეზობლის დაუდევარმა ჩარევამ საყრდენ კედელს სიმყარე გამოაცალა, ამის შემდეგ კედელი დაბზარა, ხოლო ოთახის ამ კუთხეში პარკეტმა აყრა დაიწყო.

ზაალ ქიქოძის 10 ნომერში მდებარე სახლი
ზაალ ქიქოძის 10 ნომერში მდებარე სახლი

ებანოძის თქმით, მე-19 საუკუნეში აშენებულ სახლს, 2002 წელს გაცემული დასკვნის მიხედვით, გამაგრება სჭირდებოდა. კვლევის მიხედვით, დაბზარული იყო კედლები და აგურების წყობა იყო დარღვეული.

სახლს 2005 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ებანოიძის თქმით, მდგომარეობა გამოსწორდა.

თუმცა სვეტა ებანოიძეს ახლა ის ადარდებს, რომ მეზობელმა ნებართვის გარეშე გამოჭრა ორი ფანჯარა. ამის გამო მან მერიის ზედამხედველობის სამსახურს მიმართა, რომ მეზობელს ფანჯარა გაეუქმებინა. სამსახურმა თინა სულხანიშვილს მდგომარეობის გამოსწორების მოთხოვნით 2014 წლის სექტემბერში მიმართა, თუმცა, უშედეგოდ.

2014 წლის ოქტომბერში სვეტამ მერიის ზედამხედველობის სამსახურს კვლავ მიმართა იმავე მოთხოვნთ. მერიიდან პასუხი მიიღო, რომ თინა სულხანიშვილის ფანჯრის არსებობა კანონს არ ეწინააღდეგება.

ამის მიზეზი ის გახდა, რომ სულხანიშვილმა 2014 წლის ოქტომბერში ფანჯრების ლეგალიზება მოახდინა. “ნეტგაზეთი” თინა სულხანიშვილის შვილს ესაუბრა, რომელმაც გვითხრა, რომ მათ ფანჯრის ლეგალიზება 2014 წლის ნოემბერში მოახდინეს.

სვეტა ებანოიძის თქმით, ეს ფოტო 2014 წლის აგვისტოში გადაიღო, როცა მეზობელი ფანჯარას აშენებდა
სვეტა ებანოიძის თქმით, ეს ფოტო 2014 წლის აგვისტოში გადაიღო, როცა მეზობელი ფანჯარას აშენებდა

სულხანიშვილების თქმით, ფანჯარა 2014 წლის აგვისტოში არ გამოუჭრიათ, ის 2009 წელს, როცა ბინა შეისყიდეს, დახვდათ და რადგან მეზობელმა უჩივლა, ამიტომ ფანჯრის ლეგალიზება 2014 წელს მოახდინეს.

თინა სულხანიშვილის შვილი ამბობს, რომ 2014 წელს მან მხოლოდ რემონტი გააკეთა და სხვა არაფერი შეუცვლია.

სულხანიშვილების სახლს მხოლოდ ეს ორი ფანჯარა აქვს, რადგან სოლოლაკის მთაზე მდებარე შენობის მეორე სართული ერთი მხრიდან მთლიანად მიწის პირზეა. სწორედ ამ მხარეს აქვს თინა სულხანიშვილს ორი ფანჯარა დატანილი.

თინა სულხანიშვილის შვილი ამბობს, რომ მის სახლში ნესტია, ეს ფანჯარა მის სახლს განიავების საშუალებას აძლევს და მათთვის არსებითად მნიშვნელოვანია:

“თაბაშირმუყაო გავაკარი და კედლები დავიყვანე აგურებამდე, რომ ცოტა გამოშრეს. ძველი ნალესი რაც იყო, ის მოვაცილე კედლებს – მეტი არაფერი გამიკეთებია, რომ ცოტა უკეთესი მდგომარეობა შემექმნა სახლში”.

თინა სულხანიშვილს ფანჯრის ლეგალიზებაში ამხანაგობის თავმჯდომარე დაეხმარა. მის მიერ შედგენილ დოკუმენტს 4 მეზობელი აწერს ხელს, რომ სადავო ფანჯარა 2007 წლამდე არსებობდა. თუმცა სვეტა ებანოიძესაც ჰყავს 5 მეზობელი, რომლებიც საწინააღმდეგოს ამტკიცებენ.

ამის შემდეგ სვეტა ებანოიძემ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 21 ნოემბერს მიმართა, თუმცა მერიის პასუხი იგივეა: ფანჯრის არსებობა კანონს არ ეწინააღმდეგება.

“ნეტგაზეთი” თბილისის მერიას დაუკაშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ სახლს კულტურული მემკვიდროების ძეგლის სტატუსი აქვს, თუმცა იმის მიუხედავად, რომ საკანონმდებლო ცვლილების გამო თბილისის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობა თბილისის მერიის კომპეტენციაში შედის, მერიას ამ კუთხით სამუშაო ჯგუფი არ შეუქმნია.

სვეტა ებანოიძე გაჩერებას არ აპირებს. მას სურს, რომ ბრძოლა საჭიროების შემთხვევაში სასამართლოშიც გააგრძელოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი