ახალი ამბები

ვანდალურად დაარბიეს ოფისი, პოლიციას რეაგირება არ ჰქონია – ენმ ზუგდიდის აქციაზე

4 დეკემბერი, 2019 • 1369
ვანდალურად დაარბიეს ოფისი, პოლიციას რეაგირება არ ჰქონია – ენმ ზუგდიდის აქციაზე

“ნაციონალური მოძრაობა“ ეხმიანება გუშინ ზუგდიდში გამართულ აქციას,  სახელწოდებით – “ზუგდიდი უერთდება დემიშიზაციას“. პარტიაში ამბობენ, რომ აქციის მონაწილეებმა ოფისი ვანდალურად დაარბიეს, პოლიციას კი ამაზე რეაგირება არ ჰქონია.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე დღეს, 4 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ამბობს, რომ აქციის მიმდინარეობისას მათ პოლიცია გამოიძახეს, თუმცა ის უმოქმედო იყო.

“გვინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ პოლიცია, რომელსაც შეტყობინება გადაგზავნილი ჰქონდა, რეალურად არაფერს აკეთებდა და რეაგირება არ ჰქონდა. ანუ პრაქტიკულად ჩაიდინა სისხლის სამართლებრივი დანაშაული – როდესაც მას დანაშაულის შემცველ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია“, – ამბობს დეკანოიძე.

მისივე თქმით, აქციის ორგანიზატორი, ისევე როგორც ქუთაისისა და მცხეთის აქციების შემთხვევაში, თავად “ქართული ოცნება“ იყო. როგორც დეკანოიძე ამბობს, მათ აქვთ უტყუარი მასალა იმის დასადასტურებლად, რომ ოპოზციის წინააღმდეგ ოპერაციაში 50-მდე საჯარო მოხელე მონაწილეობდა.

დეკანოიძე ასევე დასძენს, რომ ამოცნობილ პირებს შორის არიან გამგეობის თანამშრომლები და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები/წევრები.

“ჩვენ გათვითცნობიერებული გვაქვს ის პასუხისმგებლობა, რომელიც აქვს ოპოზიციას, სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებსაც ამ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებმაც გუშინ დაარბიეს ჩვენი ოფისი, ყოველდღიურად აკავებენ და დაკავების იზოლატორებში ათავსებენ.

ამ ადამიანების [ვინც გუშინ ოფისი დაარბია] წინააღმდეგ არავითარი სისხლისამართლებრივი ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დამგდარა. პრაქტიკულად,  ჩვენ შეგვიძლია ვთქათ, რომ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება“ აორგანიზებს ძალადობრივ ჯგუფებს და ამ ჯგუფებში შედიან ადგილობრივი საჯარო მოხელეები, საარჩევნო კომისიის წევრები და რამდენიმე თავმდჯომარე, და ეს ადამიანები მოდიან და ძალადობენ“, – აცხადებს დეკანოიძე.

განცხადების ბოლოს ენმ მოუწოდებს ხელისუფლებას, ნუ შედიან “ამ ძალადობის სპირალში“. მათივე თქმით, ისინი პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვენ გუშინ ჩადენილ დანაშაულზე, მათ შორის, პოლიციის მხრიდან.

გუშინ, 3 დეკემბერს ზუგდიდში “ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა “ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ აქცია ჩაატარეს, სახელად “ზუგდიდი უერთდება დემიშიზაციას“. ისინი მსვლელობით მივიდნენ ოფისთან და მას კვერცხები და ცოცხები ესროლეს.

დემონსტრანტებს ეჭირათ პლაკატები სხვადასხვა წარწერით: „ზუგდიდი უერთდება დემიშიზაციას“, „აიკრძალოს ნაცმოძრაობა“, „7 ნოემბერი გვახსოვს“ და ა.შ. მათ თან ჰქონდათ ცოცხები და ყავარჯნები.

ისინი დაახლოებით 18:05 საათზე მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის ოფისთან“ და კვერცხები ესროლეს. ოფისში ენმ-ის ადგილობრივი ოფისის თანამშრომლები შენობაში იმყოფებოდნენ. დემონსტრანტებმა დაახლოებით ერთი საათი დაჰყვეს შენობასთან.

„ზუგდიდი უერთდება დემიშიზაციას“ – ენმ-ის ოფისს კვერცხები ესროლეს

მასალების გადაბეჭდვის წესი