ახალი ამბები

აქციების დაშლა და კონტრაქციები გამოსავალი არ არის – სახალხო დამცველი

4 დეკემბერი, 2019 • 2749
აქციების დაშლა და კონტრაქციები გამოსავალი არ არის – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, საქართველოში შექმნილი დაძაბული სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ პოლიტიკური კონსენსუსია და “არავითარი აქციების დაშლა და კონტრაქციები შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არ არის”. ამის შესახებ ლომჯარიამ ჟურნალისტებს დღეს, 4 დეკემბერს უთხრა.

მისი განმარტებით, წლის განმავლობაში გამართული აქციების მიმდინარეობისას სამართალდამცავების რეაგირება ეფექტიანი არ იყო:

“ჩვენ ვხედავთ, რომ წლის განმავლობაში გამართულ აქციებზე, მთელ რიგ შემთხვევებში, პოლიციელების ქმედება არ იყო ეფექტიანი კონტრდემონსტრანტების მიმართ, რომლებიც იყვნენ აგრესიულები და ემუქრებოდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მართავდნენ აქციებს”, – განაცხადა ლომჯარიამ.

ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველი უმრავლესობას და ოპოზიციას გამოსავლის სახით სთავაზობს, რომ თავად სახალხო დამცველის აპარატმა ექსპერტული მოსაზრების წარმოსადგენად ეუთო/ოდირს გაუგზავნოს პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შემქნილი გერმანული საარჩევნო მოდელის ადაპტირებული ვარიანტი:

“ეს იქნება ჩვენი მხრიდან ჩვენი მანდატის განხორციელება იმისათვის, რომ ამ სიტუაციაში ჩვენ რაღაც გამოსავალი ვნახოთ. სხვა თვალსაზრისით ჩვენ ამ წუთას პოზიცია, ეს მოდელი შეესაბამება თუ არა კონსტიტუციას, ნამდვილად არ გავქვს. თუმცა სახალხო დამცველი მხარს უჭერს პროპორციულ სააჩრევნო სისტემაზე გადასვლას”, – განმარტა ლომჯარიამ.

ოპოზიციამ საქართველოს რეალობაზე ადაპტირებული ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელის ადაპტირებული ვარიანტი 29 ნოემბერს წარმოადგინა, რომელიც პარლამენტში დღეს, 4 დეკემბერს უნდა დაარეგისტრირონ.

რას გულისხმობს ოპოზიციის ადაპტირებული “გერმანული მოდელი”

მასალების გადაბეჭდვის წესი