ნეტგაზეთი | საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ამჯერად 69 მილიონამდე იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ამჯერად 69 მილიონამდე იზრდება – Netgazeti

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ამჯერად 69 მილიონამდე იზრდება

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიით, 2020 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო დაფინანსება თავდაპირველად შეთავაზებულზე კიდევ 5.9 მილიონი ლარით იზრდება და 68.7 მილიონს ლარს შეადგენს.

2018 წელს მაუწყებლის ბიუჯეტი 53.1 მილიონი იყო, 2019 წელს — 58.2 მილიონი. 2020 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი პროექტით, რომელიც 30 სექტემბერს გამოქვეყნდა პარლამენტის ვებგვერდზე, მაუწყებელს დაფინანსება დაახლოებით 4.6 მლნ ლარით ეზრდებოდა და 62,8 მლნ ლარს შეადგენდა.

თუმცა ამის შემდეგ პარლამენტის საიტზე კანონპროექტის კიდევ სამი ჩასწორებული ვარიანტია გამოქვეყნებული. პირველ და მეორე ვერსიებში ეს თანხა იგივე რჩებოდა, თუმცა მესამე წარდგენაში — საბოლოო ვარიანტში — მაუწყებლის ბიუჯეტი 68.7 მილიონ ლარადაა განსაზღვრული.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ფინანსთა სამინისტროს კითხვით, რის საფუძველზეა გაზრდილი თავდაპირველი ბიუჯეტი [რაც მშპ-ს ებმის: კანონმდებლობით, მაუწყებლის ბიუჯეტი წინა წლის მშპ-ის არანაკლებ 0.14%-ს უნდა შეადგენდეს]. მათ პასუხს მიღებისთანავე შეგატყობინებთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com