რეზიდენტურის გამოცდაზე საფასურის დაწესება სამინისტროსთან გააპროტესტეს

ბექა ლიპარტელიანი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან, ზაზა ბოხუასთან შეხვედრას ესწრებოდა, ამბობს, რომ სამინისტრო გამოცდაზე გასასვლელი თანხის გაუქმებაზე უარს ამბობს.

როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა, მინისტრის მოადგილემ განუმარტა, რომ სამინისტრო ვეღარ დააფინანსებს გამოცდების ტექნიკურ ნაწილს, როგორიცაა დამკვირვებლების ხელფასი, გამოცდისთვის დარბაზის დაქირავება და სხვა.

ნეტგაზეთს სამინისტროს პრესსამსახურში არ უთხრეს, რა შედეგით დასრულდა შეხვედრა, მათი თქმით, ეს ხვალ, 4 დეკემბერს გახდება ცნობილი. როცა ზაზა ბოხუა სამედიცინო უნივერსიტეტში რექტორთან ერთად სტუდენტებს შეხვდება. მინისტრის მოადგილე მომიტინგეთა ნაწილს მას შემდეგ შეხვდა, რაც მათ ჯანდაცვის სამინისტროს წინ საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდებზე გასვლისთვის თანხის დაწესება გააპროტესტეს.

რეზიდენტურაში სწავლის მსურველებმა დღეს, 3 დეკემბერს, ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მთავრობის იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდებზე გასვლა ფასიანი გახდა. მათი თქმით, რეზიდენტურაში სწავლა, რაც რეალურად სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში პრაქტიკის გავლას გულისხმობს, ისედაც ფასიანია და გამოცდაზე გასვლაში ფული არ უნდა გადაიხადონ.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებით სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური 120 ლარი, ხოლო დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ე.წ რეზიდენტურის მოსაკრებელი 80 ლარი გახდა.

სააგენტოს თანახმად, გამოცდაზე გასვლის საფასური მთავრობის 2 დეკემბრის დადგენილებით განისაზღვრა, მაშინ როდესაც გამოცდებზე რეგისტრაცია უკვე  დასრულებული იყო.

ახლა რეგისტრირებული პირები ვალდებულები არიან გამოცდაზე გადახდის ქვითარი წარადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არ დაიშვებიან.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის ნიკოლოზ საბაშვილის თქმით, საფასურის დაწესების შესახებ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ შეიტყო:

“უსამართლოდ მოხდა რეზიდენტურის საკვალიფიკაციო გამოცდაზე გასვლისთვის საფასურის დაწესება. სრული უსამართლობაა, რადგან ამის შესახებ გუშინ, 2 დეკემბერს შევიტყვეთ როცა რეგისტრაცია უკვე დასრულებულია. ძალიან ბევრი სტუდენტი ვერ შეძლებს გამოცდაზე გასვლას, რადგან შესაძლოა საჭირო თანხა ასეთ მცირე დროში ვერ შეაგროვოს. ჩვენ დღეს ამ დადგენილების გაუქმებას ვითხოვთ, რადგან გამოცდაზე საფასურის დაწესება უსამართლოა.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.