ახალი ამბები

გომელაური: “ოცნების” ოფისთან 70-მდე ადამიანი ჩხუბობდა, ყველა დაგვეკავებინა?!

3 დეკემბერი, 2019 • 1709
გომელაური: “ოცნების” ოფისთან 70-მდე ადამიანი ჩხუბობდა, ყველა დაგვეკავებინა?!

“გუშინ, მაგალითად, “ქართული ოცნების” ოფისთან ჩხუბობდა 70-80 ადამიანამდე, ყველა უნდა დაგვეკავებინა?!” – ეს კომენტარი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა “ქართული ოცნების” ოფისთან გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.

გუშინ, 2 დეკემბერს, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები პარტიის ცენტრალურ ოფისთან მისულ ოპოზიციონერებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირსიპირდნენ.

“ქართული ოცნების” ოფისთან შეკრებილი ახალგაზრდები ჟურნალისტებთან ამბობდნენ, რომ ისინი მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ და პარტიის ოფისთან იმიტომ შეიკრიბნენ, რომ მოგვიანებით გადაენაცვლათ ორბელიანის მოედნისკენ. ამ მოედანზე “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან სტუდენტური თვითმმართველობების დახმარებით ახალგაზრდები შეკრიბა.

“ქართული ოცნების” ოფისთან დაპირისპირების გამო პოლიციას არავინ დაუკავებია. დაშავდა მოძრაობა “სირცხვილიას” 5 წევრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი