ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტროსთან გამოცდებზე გასვლის საფასურის დაწესებას გააპროტესტებენ

3 დეკემბერი, 2019 • 1427
ჯანდაცვის სამინისტროსთან გამოცდებზე გასვლის საფასურის დაწესებას გააპროტესტებენ

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდებზე გადასახადის დაწესებას დღეს, 3 დეკემბერს ჯანდაცვის სამინისტროსთან გააპროტესტებენ.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური 120 ლარი, ხოლო დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ე.წ რეზიდენტურის მოსაკრებელი 80 ლარი გახდა.

სამედიცინო რეგულირების სააგენტოს თანახმად, გამოცდაზე გასვლის საფასური მთავრობის 2 დეკემბრის დადგენილებით განისაზღვრა, მაშინ როდესაც გამოცდებზე რეგისტრაცია უკვე  დასრულებულია.

რეგისტრირებული პირები ვალდებულები არიან გამოცდაზე გადახდის ქვითარი წარადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გამოცდაზე არ დაიშვებიან.

ნეტგაზეთი რეგულირების სააგენტოს დაუკავშირდა. ჩვენ პრესსამსახურს ვკითხეთ, რატომ დაწესდა გამოცდაზე გასვლის საფასური ახლა და რატომ არ შეატყობინეს რეზიდენტურაზე სწავლის მსურველებსა და ექიმის ლიცენზიის მაძიებლებს ამის შესახებ უფრო ადრე. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პასუხს მიღებითანავე გავავრცელებთ.

საპროტესტო აქციის გარდა, ის მომავალი ექიმები, რომლებიც გამოცდებზე უკვე დარეგისტრიდნენ, გამოცდების საფასურის გაუქმებას პეტიციითაც ითხოვენ.

“სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ სარეზიდენტო და სასერტიფიკაციო გამოცდების რეგისტრაციის დროს არ იყო კანდიდატებისთვის თვალნათლად და გასაგებად მიწოდებული გამოცდის რეგისტრაციის და შემდგომ გამოცდაზე გასვლის რაიმე დამატებითი მოთხოვნის შესახებ. რეგისტრაციის დასრულებიდან სრულიად მოულოდნელად  სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფეისბუქ-გვერდზე დაიდო ინფორმაცია, სადაც მითითებული იყო, რომ  დაინტერესებული პირი ვალდებულია, გადაიხადოს დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასური წინასწარ. ვგმობთ და ვითხოვთ გაუქმდეს აღნიშნული გამოცდის საფასური!”, – წერია პეტიციაში.

ბექა ლიპარტელიანი ერთ-ერთია, ვინც დღეს სამინისტროსთან გამოცდაზე გასვლის საფასურს გააპროტესტებს. როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა, საკვალიფიკაციო გამოცდაზე უკვე დარეგისტრირდა, საფუსრის შესახებ კი რამდენიმე დღის წინ შეიტყო. მისივე თქმით, სააგენტოს მათთვის თანხის დაწესების მიზეზები არ განუმარტავს.

“მიზეზი არ უთქვამთ, მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ფული უნდა გადავიხადოთ იმისთვის რომ გამოცდაზე შევიდეთ. არცერთ ნორმალურ ქვეყანაში რეზიდენტებს ფულს არ ახდევინებენ, პირიქით, მათ უხდიან ფულს.. ახლა ჩვენ გამოცდაზე შესვლის საფასურიც დაგვიმატეს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ რამდენიმე დღით ადრე გავიგეთ ამის შესახებ. ამის საშუალება, სამწუხაროდ, ყველას არ აქვს… 30 ნოემბერს დამთავრდა რეგისტრაცია და დღემდე არ გამოქვეყნებულა გამოცდის თარიღები”, – ამბობს ლიპარტელიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი