ახალი ამბები

მამაჩემი რა შუაშია – “ოცნების“ მხარდასაჭერად ოფისთან მისული გოგაშვილის შვილი

2 დეკემბერი, 2019 • 2095
მამაჩემი რა შუაშია – “ოცნების“ მხარდასაჭერად ოფისთან მისული გოგაშვილის შვილი

დღეს, 2 დეკემბერს “ქართულ ოცნების“ ოფისთან, მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში“ საპროტესტო აქციის პარალელურად, “ოცნების“ მხარდასაჭერად სოსო გოგაშვილის შვილი მივიდა. ჟურნალისტებთან საუბარში კი შემდგომ განმარტა, რომ აქციაზე თავისი ნებით მივიდა და მამამისი არაფერ შუაშია.

სოსო გოგაშვილი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი და “ოცნების” მოქმედი თანამშრომელია.

“მამაჩემი რა შუაშია… ისეთ რაღაცას მეკითხები, რომ მეცინება.. და რას ცვლის [ ის, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის შვილია]. თქვენ მეკითხებით, მამათქვენმა იცის თუ არა, აქ რომ ხართო.. 6 -ის მერე სახლში უნდა წავიდე?“, – ამბობს გოგაშვილის შვილი.

ამ რეპლიკის შემდეგ, ტვ “პირველის“ ჟურნალისტი მას კიდევ ერთხელ ეკითხება, ჰქონდა თუ არა სოსო გოგაშვილს ინფორმაცია კონტრაქციაში მისი შვილის მონაწილეობის შესახებ და თავად თუ უერთდება მას. რაზეც გოგაშვილის შვილი პასუხობს – “რომ ჰქონდეს [ინფორმაცია], რას შეცვლის შენთვის?“.

“არაფერში მონაწილეობას არ იღებს,“ – ამატებს ის.


საპროტესტო აქცია “ქართული ოცნების“ ოფისთან დაახლოებით 19:00 საათზე დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა. აქციას პერიოდულად მოჰყვებოდა ხოლმე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.

“ქართული ოცნების” მხარდამჭერები პარტიის ცენტრალურ ოფისთან მისულ ოპოზიციონერებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირსიპირდნენ.

“ქართული ოცნების” ოფისთან შეკრებილი ახალგაზრდები ჟურნალისტებთან ამბობდნენ, რომ მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ და პარტიის ოფისთან იმიტომ შეიკრიბნენ, რომ მოგვიანებით გადაენაცვლათ ორბელიანის მოედნისკენ. ამ მოედანზე “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან სტუდენტური თვითმმართველობების დახმარებით ახალგაზრდები შეკრიბა.

ოფისთან მიმდინარე აქციისა და თანმდევი დაპირისპირების დროს 5 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს სასწრაფოში დაუდასტურეს. მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში“ ამბობს, რომ ყველა დაშავებული მათი აქტივისტი/მხარდამჭერი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი