ახალი ამბები

რას ამბობენ “ოცნების” ორგანიზებულ ღონისძიებაზე თბილისის 4 მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტში

2 დეკემბერი, 2019 • 2130
რას ამბობენ “ოცნების” ორგანიზებულ ღონისძიებაზე თბილისის 4 მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტში

თბილისში მდებარე 4 მსხვილი სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ამ უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს, 2 დეკემბერს “ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ.

10 ათასი სტუდენტის შეკრებას თბილისში დღეს, 2 დეკემბერს, „ქართული ოცნება“ ორბელიანის მოედანზე [ძველი ე.წ.კოლმეურნეობის მიმდებარედ] აპირებს. პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ სტუდენტები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან შეკრიბა. სტუდენტები ბათუმიდანაც წავიდნენ და ახალციხიდანაც.

ბათუმელებმა მოიპოვეს ე.წ. სქრინები, რომლითაც ჩანს, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის თვითმმართველობები სტუდენტებს “ოცნების“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ეპატიჟებიან და თან ჰპირდებიან, რომ ქულებისა და დასწრების საკითხი მოგვარდება.

რა წერია შეტყობინებაში:

„საქართველო გახდა ევროსაბჭოს 53 ქვეყნის თავმჯდომარე 6 თვის ვადით. მოგეხსენებათ, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენთვის. აქედან გამომდინარე ორშაბათს თბილისში ტარდება ღონისძიება ამ თემასთან დაკავშირებით, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს 10 000 სტუდენტი,“

ნეტგაზეთი დაუკავშირდა თბილისში მდებარე 4 მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტს – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (თსუ); საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს (GTU); თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს (თსსუ) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს (ილიაუნს). ოთხივე უნივერსიტეტში ვიკითხეთ, იცოდნენ თუ არა სასწავლებლების თვითმმართველობებმა ღონისძიების შესახებ და მიიღებდნენ თუ არა სტუდენტები მასში მონაწილეობას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობაში გვითხრეს, რომ ამ ღონისძიების შესახებ არანაირი შეტყობინება არ მიუღიათ და მასში მონაწილეობას არ აპირებენ. თსუ-ის თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ზოგადად, თავს შეიკავებენ პოლიტიკური ქვეტექსტის მქონე აქტივობებში ჩართვისგან.

იგივე პასუხი მივიღეთ ილიაუნისგანაც, სადაც გვითხრეს, რომ ღოსნიძიების შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ მიუღიათ.

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ევროპასთან ინტეგრირებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებებს მიესალმებიან და თავისი პროფილის მიხედვით ღონისძიებებს გეგმავენ კიდეც, მათ შორის, სისხლის დონაციის ან შიდსის დღეებს, თუმცა პარტიულ ან/და პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობას არ იღებენ.

“თვითმმართველობა თავის პროფილურ ღონისძიებებს თვითონ აკეთებს, მაგრამ ახალგაზრდული ღონისძიებები თუ ტარდება ქალაქის მასშტაბით, მონაწილეობას იღებენ. რაც შეეხება ორბელიანის მოედანზე მიმდნარე ღონისძიებას, აქ თვითმმართველობა ნამდვილად არ მიდის“ ,- გვითხრეს თსუ-ის თვითმმართველობაში.

რაც შეეხება ტექნიკურ უნივერსიტეტს

“მე ვერ გეტყვით, ბათუმიდან ვის მოჰყავს სტუდენტები და ვინ არის ორგანიზატორი, მაგრამ “ქართული ოცნება“ არის მმართველი პარტია, სახელმწიფო აორგანიზებს კონცერტს, კვირეული გაიხსენება დღეს და გაგრძელდება 6 დღის განმავლობაში. ჩემი ინფორმაციით, ჩართულნი არიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, მათ შორის, ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები, ასე ვთქვათ, საზეიმო განწყობაზე არიან. მაგრამ ბათუმიდან ან სხვა ქალაქებიდან ვინ მოდის, მე ინფორმაცია არ მაქვს.

საღამოს არის გამოფენა… კამპანია არის ერთგვარი პიარის, დაგეგმილია კონცერტიც ორბელიანის მოედანზე“, – ამბობს ნეტგაზეთთან ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის თანამშრომელი ავთო ადეიშვილი.

მისივე თქმით, ამ ღონისძიებაში სტუდენტები თავისი ნებით მონაწილეობენ და დაძალებას ადგილი არ აქვს, “ან უნივერსიტეტში რომ რაიმე პლაკატები იყოს გაკრული – არა. უბრალოდ, გავრცელდა ინფორმაცია და სტუდენტები იღებენ მონაწილეობას და მართლაც აღსანიშნავია“.

ავთო ადეიშვილი ამბობს, რომ უნივერსიტეტში ამ ღონისძიების შესახებ ინფორმაციას თავად არ ავრცელებდნენ, თუმცა სტუდენტები ამ ღონისძიებაში ჩაერთვებიან.

ამავე თემაზე

რისთვის მიჰყავს „10 ათასი სტუდენტი“ „ოცნებას“ რეგიონებიდან თბილისში

რისთვის მიჰყავს „10 ათასი სტუდენტი“ „ოცნებას“ რეგიონებიდან თბილისში

მასალების გადაბეჭდვის წესი