ახალი ამბები

კაცმა ბიზნესპარტნიორი მოკლა, დაწვა და მდინარეში გადააგდო – შსს

2 დეკემბერი, 2019 •
კაცმა ბიზნესპარტნიორი მოკლა, დაწვა და მდინარეში გადააგდო – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1979 წელს დაბადებული ერთი პირი – ა.ტ, რომელიც წარსულში გამოძალვის ბრალდებით იყო ნასამართლევი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:

“სამართალდამცველების მიერ ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ა.ტ-მ 2018 წლის მაისში ხაშურის მუნიციპალიტეტში, ფინანსური დავის გამო, კუთვნილი არარეგისტრირებული სანადირო თოფიდან გასროლით თავისი ბიზნესპარტნიორი – ნ. ქ. მოკლა”, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებში.

განცხადების მიხედვით, ბრალდებულმა ცხედარი ლითონის კასრში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა, ნაწილობრივ დამწვარი ცხედარი კი საკუთარი ავტომობილით ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში აიტანა და კასრიანად მდინარე რიონში გადააგდო. ამ გზით ბრალდებული დანაშაულის დაფარვას და კვალის წაშლას ცდილობდა. ბიოლოგიური ექსპერტიზის მეშვეობით შესაძლებელი გახდა გარდაცვლილი პირის ვინაობის დადგენა – იგი 1977 წელს დაბადებული ნ.ქ. აღმოჩნდა

შსს-ს ინფორმაციით ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი