ახალი ამბები

2018-2019 წელს სწავლა 12 ათასმა მოსწავლემ შეწყვიტა – საქსტატი

2 დეკემბერი, 2019 • 1811
2018-2019 წელს სწავლა 12 ათასმა მოსწავლემ შეწყვიტა – საქსტატი

საქსტატის თანახმად, 2018-19 სასწავლო წელს 12 ათასზე მეტმა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2 დეკემბერს გამოაქვეყნა პუბლიკაცია, რომელიც საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა და მასწავლებლების რაოდენობას მიმოიხილავს.

ამ ანგარიშის თანახმად, 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში სწავლა შეწყვიტა ზუსტად 12 049 მოსწავლემ.

ეს რიცხვი, საქსტატის თანახმადვე, 2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მათგან უმრავლესობა — 59.3% — ბიჭია, 40.7% კი -გოგო.

კლასების მიხედვით სწავლამიტოვებულ მოსწავლეთა რაოდენობა ასეთია:

წყარო: საქსტატი

როგორც დიაგრამიდან ჩანს, სწავლა ყველაზე მეტმა მოსწავლემ მე-10 კლასში შეწყვიტა.

რის გამო წყვეტენ ისინი სწავლას?

ზოგადად, მე-9 კლასის დასრულების შემდეგ მოსწავლეები იღებენ საბაზო ზოგადი განათლების ატესტატს, რის შემდეგაც პროფესიულ სასწავლებლებში შეუძლიათ სწავლის გაგრძელება.

როგორც საქსტატში დაგვიდასტურეს, მოსწავლეთა რაოდენობის მონაცემში (12 049) შედიან ის მოსწავლეებიც, რომელთაც სწავლა შეწყვიტეს ცხრა კლასის დასრულების და საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის მიღების შემდეგ, თუმცა საქსტატი არ ფლობს მონაცემებს იმის შესახებ, თუ მათგან რა ნაწილმა გააგრძელა სწავლა პროფესიულ სასწავლებლებში.

ასევე, საქსტატი არ ფლობს მონაცემებს სწავლის შეწყვეტის მიზეზების შესახებ.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF-ის) თანახმად კი, რომელიც იწყებს საპილოტე პროგრამას, რომლის მიზანია სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვების ინტეგრაცია, „საქართველოში ბევრი ბავშვია, განსაკუთრებით კი სოციალურად და ეკონომიურად მოწყვლადი ჯგუფებიდან, რომელთათვისაც სავალდებულო განათლება არ არის ხელმისაწვდომი“.

ზოგადი ცნობები

რაც შეეხება მთლიანად საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობას — 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 592.9 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 1.5%-ით აღემატება.

საჯარო სკოლებში მოსწავლეთა 89.4% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 10.6%. მათგან 47.9% გოგოა, ხოლო 52.1% -ბიჭი.

ყველაზე მეტი მოსწავლე თბილისში სწავლობს — საერთო რაოდენობის 34.7%.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია მოსწავლეთა რაოდენობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2015/2016-2019/2020 სასწავლო წლების დასაწყისისთვის.

წყარო: საქსტატი

ეს დიაგრამა უჩვენებს, რომ მოსწავლეთა რაოდენობა 2015 წლის შემდეგ ყოველწლიურად იზრდება.

ნახეთ ასევე:

საქართველოში 5-17 წლის 11 200 ბავშვი სკოლაში არ დადის

მასალების გადაბეჭდვის წესი