ახალი ამბები

„ნუ გვითვალთვალებ“ – „შეცვალემ“ სუს-სთან აქცია გამართა

30 ნოემბერი, 2019 • 1003
„ნუ გვითვალთვალებ“ – „შეცვალემ“ სუს-სთან აქცია გამართა

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია გამართეს და სოლიდარობა გამოუცხადეს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ოჯახს.

ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ვიდეო, სადაც მისი ოჯახის წევრები ჩანან. გვარამიას თქმით, ეს თვალთვალის შედეგად მოპოვებული ვიდეოა.

„ჩემს ცოლ-შვილს დასდევდა სუსი, კრიმპოლი და ყველანაირი დედააფეთქებული და “ღირსშესანიშნავ” მომენტებს აფიქსირებდნენ“, – დაწერა ნიკა გვარამიამ.

„მოვედით უსაფრთხოების სამსახურთან, რომელიც გადაქცეული ივანიშვილის პირად კანტორად და ჩაიდინეს სრული სისულელე… უნდა იცოდნენ, რომ ამას არ ვაპატიებთ არცერთ მათგანს და ყველა ბრძანების გამცემი და ბავშვებზე მოთვალთვალე და მოძალადე ადამიანი დაისჯება“, – ამბობს ერთ-ერთი დემონსტრანტი.

პროკურატურა აცხადებს, რომ გვარამიას ოჯახს არ უთვალთვალებენ და კადრები სასამართლოს განჩინების საფუძველზე პროკურატურის მიერ მოპოვებული ერთ-ერთი მტკიცებულებაა.

უწყების ცნობით, აღნიშნული კადრები ადასტურებს, რომ ნიკა გვარამია და მისი ოჯახი სარგებლობდნენ 76 ათას ევროს (232 201 ლარად) ღირებულების ავტომანქანით, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” სარეკლამო დროის გამოყენების სანაცვლოდ გაფორმებული იყო შპს “პროესკო მედიას” სახელზე.

დღევანდელი დემონსტრაციის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც აცხადებენ, რომ მათ მიმართ გამოთქმული „ბრალდებები არის უწყების დისკრედიტაციის მცელობა“ და საფუძველსაა მოკლებული.

„გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის მიერ უკვე გაკეთდა განმარტება და ითქვა, რომ აღნიშნული ვიდეომასალა არის მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის მიერ სასამართლოს განჩინებით მოპოვებული მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ 76 ათას ევროდ ღირებული ავტომანქანით, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის გამოყენების სანაცვლოდ გაფორმებული იყო ტელეკომპანიის ქვეკონტრაქტორის ქვეკონტრაქტორ კომპანიაზე, ნიკა გვარამია და მისი ოჯახი სარგებლობდა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სახელმწიფო სამსახურის მისამართით გაჟღერებული სხვადასხვა ტიპის ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა და პოლიტიკურად მოტივირებულია“, – წერია განცხადებაში.

ვრცლად:

გვარამიას თქმით, მის ოჯახს უთვალთვალებენ, პროკურატურა ამბობს, რომ ეს მტკიცებულებაა

მასალების გადაბეჭდვის წესი