ახალი ამბები

როგორია შრომა ტექსტილისა და ვაჭრობის სფეროში – კვლევა

29 ნოემბერი, 2019 • 1238
როგორია შრომა ტექსტილისა და ვაჭრობის სფეროში – კვლევა

დაბალი ხელფასები, აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა და დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე – ეს იმ პირობების ნაწილია, რომელსაც ტექსტილისა და ვაჭრობის სფეროში (სუპერმარკეტები; სავაჭრო ქსელი) დასაქმებულები თავიანთი შრომის აღწერისას ასახელებენ.

ანგარიშში, რომელიც გაერთიანებულმა პროფკავშირებმა გამოაქვეყნა, ვკითხულობთ, რომ კვლევაში 700 დასაქმებული მონაწილეობდა, აქედან გამოკითხულთა რაოდენობამ სექტორების მიხედვით შეადგინა: ტექსტილის წარმოება – 235 დასაქმებული; სავაჭრო ქსელი – 235; სუპერარკეტები – 230.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რესპოდენტთა ოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოს ტექსტილისა და ვაჭრობის სფეროში არსებული მდგომარეობა ასახოს.

კვლევის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ სფეროში დასაქმებული პირები მინიმუმ 9 საათს [სუპერმარკეტის შემთხვევაში – 10.8 საათს] მუშაობენ, ხელზე ასაღები საშუალო ხელფასი ასეთია – ტექსტილის წარმოებაში 346 ლარი; სუპერმარკეტებში – 437 ლარი; ხოლო სავაჭრო ქსელში – 537 ლარი.

შესაბამისად, საშუალოდ დარიცხული ხელფასი შეადგენს- ტექსტილის წარმოებაში 432.5 ლარს, სავაჭრო ქსელში – 671.2 ლარს, ხოლო სუპერარკეტებში – 546.2 ლარს. აღნიშნული ხელფასები ეროვნულ საშუალო ხელფასთან მიმართებით შეადგენს შესაბამისად – 40.5%-ს, 62.9%-სა და 51,1%-ს.

ტექსტილის წარმოება

კვლევის მიხედვით, საქართველოში ტექსტილის წარმოებაში დასაქმებულთა 26.8%-ს შრომით ხელშეკრულების ეგზემპლრი საერთოდ არ აქვს. ეს იმის ფონზე, რომ ვადიანობის მხრივ, აქ უვადო ( 34%) და ერთწლიანი (29.8%) ხელშეკრულებები ჭარბობს.

ტექსტილის წარმოებაში დასაქმებულთა სამუშაო საათების რაოდენობა საშუალოდ 9 საათია. ეს მონაცემი კვირის განმავლობაში შრომითი კოდექსით დადგენილი საათების ოდენობას 12.2 საათით აღემატება. ამის ფონზე ხელზე ასაღები საშუალო ხელფასი ტექსტილის წარმოებაში 346 ლარია, დარიცხული ხელფასი კი – 432.5 ლარი.

დაბალი ხელფასების პარალელურდ, ამ სექტორში დასაქმებულთა უდიდეს ნაწილს – 73.6%-ს ძირითად სამუშაოსთან ერთად დამატებითი სამუშაოს შესრულება უწევს, რომელიც მის ძირითად მოვალეობაში არ შედის.

ამასთანავე, ტექსტილის წარმოებაში დასაქმებულთა 61.3% ამბობს, რომ ზეგანაკვეთურს დამსაქმებელი არ უნაზღაურებს, ხოლო 15.7%-ის ცნობით, ხელფასიდან გარკვეული თანხა ეჭრებათ.

გამოკითხულთა უმეტესობა ვერ იღებს დამატებით ანაზღაურებას ვერც სადღესასწაულო დღეებში მუშაობისთვის. ასეთია ტექსტილის წარმოებაში დასაქმებული 61.3%-ის მდგომარეობა.  იმ მიზეზებს შორის, რომლის გამოც დასაქმებულები ვერ სარგებლობენ შესვენებით, ყველაზე ხშირად სახელდება დატვირთული გრაფიკი. ტექსტილის წარმოებაში ეს მაჩვენებელი შეადგენს 73.5%-ს.

ამ მონაცემების ფონზე, ტექსტილის წარმობაში ყოველგვარი მიზეზების გარეშე გათავისუფლების მაჩვენებელი 16.6%-ია.

დამსაქმებლის/ხელმძღვანელი პირის მხრიდან მტრულ, ღირსების შემლახველ, არათანაბარ მოპყრობას განსაკუთრებით ხშირად ადგილი აქვს ტექსტილის წარმოებაში. ასეთი მოპყრობის შესახებ დადებითი პასუხი გასცა ამ სფეროში დასაქმებულთა 17.1%-მა. მათ შორის 7.7% აღნიშნავს, რომ ასეთ მოპყრობას სისტემატური ხასიათი აქვს.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ტექსტილის წარმოებაში უმეტესად გვხვდება სქესისა და ასაკის მიხევდვით დისკრიმინაცია (შესაბამისად, 42.7% და 33.2%). ამასთანავე, გამოკითხულთა 13.7% ამბობს, რომ დამსაქმებლის მხრიდან შევიწროებას ადგილი ჰქონია, 5.6% ამბობს, რომ ეს შევიწროება სისტემატური ხასიათისაა.

ტექსტილის საწარმოებში ასევე ამბობენ, რომ 42.1%-ში შრომის უსაფრთხოება ან არ არის, ან ნაწილობრივაა უზრუნველყოფილი.

ყველაგვარი მიზეზის გარეშე გათავისუფლება ყველაზე ხშირად ხდება ტექსტილის წარმოებაში (16.6%). შემდეგ მოდის სუპერმარკეტები (14.4%), ხოლო ბოლო ადგილზე სავაჭრო ქსელია 0.9%-ით.

ვაჭრობის სექტორი – სუპერმარკეტები და სავაჭრო ქსელი

კვლევაში აღნიშნულია, რომ სავაჭრო ქსელსა და სუპერმარკეტებში დასაქმებულთა უდიდეს ნაწილს (შესაბამისად, 64.4% და 66.3%) არ აქვთ შრომითი ხელშეკრულების საკუთარი ეგზემპლარი.

ამ სექტორში დასაქმებულებს საშუალოდ ყოველდღე უწევთ 9 საათზე მეტი მუშაობა  – სავაჭრო ქსელში ეს მაჩვენებელი 9 საათს უდრის, ხოლო სუპერმარკეტებში – 10.8 საათს.

სავაჭრო ქსელში 48.6 საათს, ხოლო სუპერმარკეტებში 54.4 საათს მუშაობენ, რაც ასევე აღემატება შრომის კოდექსით დადგენილ 40-საათიან მაჩვენებელს. ხელზე ასაღები საშუალო ხელფასი სავაჭრო ქსელში შეადგენს 537 ლარს, ხოლო სუპერმარკეტში – 437 ლარს.

რაც შეეხება დამატებით სამუშაოს, სავაჭრო ქსელში გამოკითხულთა 63.9% ამბობს, რომ მათ დამატებითი სამუშაოს შესრულება უწევთ, სუპერმარკეტების შემთხვევაში ეს მონაცემი 79.5%-ს უტოლდებოდა. ამასთანავე, სუპერმარკეტების შემთხვევაში, აქ დასაქმებულების 18.1% ამბობს, რომ ხელფასიდან გაკრვეული თანხა ეჭრებათ.

ვაჭრობის სექტორში ამბობენ, რომ უმეტეს შემთხვევაში მათ ზეგანაკვეთური შრომა არ უნაზღაურდებათ – სავაჭრო ქსელის შემთხვევაში მსგავს გამოცდილებაზე გამოკითხულთა 69% საუბრობს, ხოლო სუპერმარკეტებში – 80.7%.

გამოკითხულთა უმეტესობა ვერ იღებს დამატებით ანაზღაურებას ვერც სადღესასწაულო დღეებში მუშაობისთვის. ასეთია სავაჭრო ქსელში – 84.7%, ხოლო სუპერმარკეტებში – 72.3%.

იმ მიზეზებს შორის, რომლის გამოც დასაქმებულები ვერ სარგებლობენ შესვენებით, ყველაზე ხშირად სახელდება დატვირთული ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა,  რომელიც აქვს გამოკითხულთა ნახევარზე ნაკლებს. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობაა სუპერმარკეტებში, სადაც გამოკითხულთა მხოლოდ 16,9% ამბობს, რომ სარგებლობს შვებულებით. 20.5% აღნიშნავს, რომ შვებულების აღება შეუქმნის პრობლემებს სამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი