“პიკეტი ძალაშია, მაგრამ რა დაპიკეტდება და როგორ, ამას 30 წუთში გაიგებთ”, – ეს განცხადება პარლამენტთან მყოფმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, გიგი უგულავამ გააკეთა.
პარლამენტთან მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, პიკეტირების თავიდან ასაცილებლად მმართველი პარტიის დეპუტატები პარლამენტში გამთენიისას შევიდნენ. უმრავლესობის წევრის, დაჩი ბერაიას ცნობით, ის პარლამენტში 09:30 საათზე მივიდა. მიზეზი კი უმრავლესობის სხდომაა.
პარლამენტთან მომიტინგეები იკრიბებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა, წინა დღეებისგან განსხვავებით, რაოდენობრივად ცოტა.
პარლამენტში 10 საათიდან კომიტეტების სხდომებია დაგეგმილი, 12 საათზე უნდა გაიმართოს პლენარული სხდომაც.
დღეს, გუშინდელისაგან განსხვავებით, პარლამენტის მიმდებარე ქუჩები სამართალდამცველებს რკინის კონსტრუქციებით არ ჩაუხერგავთ.
მიტინგის ორგანიზატორებს, ოპოზიციასა და აქტივისტებს დღეს პარლამენტის პიკეტირება აქვთ დაანონსებული, თუმცა დეპუტატები უკვე პარლამენტში არიან.
“ჩვენ მივალთ ყველგან, სადაც ქარიშხალია და სისხლიანი გახარია დგას – დილით პოეზია კარგია. ასე რომ, გახარია იქნება ეს, წულუკიანი თუ… დღეს მათ არ მოაკლდებათ ჩვენი ყურადღება”, – განაცხადა უგულავამ პარლამენტთან და დასძინა, რომ ახლა აქციების ორგანიზატორები მოთათბირებას აპირებენ.