ახალი ამბები

გარე სამყაროსთან კავშირი პატიმართა რეაბილიტაციისთვის უმნიშვნელოვანესია – კვლევა

29 ნოემბერი, 2019 • 2273
გარე სამყაროსთან კავშირი პატიმართა რეაბილიტაციისთვის უმნიშვნელოვანესია – კვლევა

პატიმრების რეაბილიტაციის პროცესისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მათ კონტაქტს ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან. პატიმართა ემოციური მდგრადობისა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის პაემნებს დიდი მნიშვნელობა აქვს. განვითარებული ქვეყნების საპატიმროებში წამყვანი პრინციპი გარე სამყაროსთან კონტაქტების მაქსიმალური წახალისებაა.

ქალი მსჯავრდებულების კონტაქტი გარე სამყაროსთან

ქალთა დაწესებულებების სიმცირის გამო, ქალი მსჯავრდებულები ხშირად თავიანთი სახლებიდან შორს იხდიან სასჯელს, რაც უარყოფითად აისახება მათ კონტაქტზე ოჯახსა და მეგობრებთან. ციხის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ყველა პატიმარს უნდა მიეცეს შესაძლებლობა შეინარჩუნოს ურთიერთობა ოჯახთან, მეგობრებთან, ბავშვებთან, მეუღლეებთან თუ პარტნიორებთან.

საცხოვრებელი ქალაქებისგან შორს განთავსებულ დაწესებულებებში ყოფნა მსჯავრდებულებისთვის სოციალურ იზოლაციას ნიშნავს.

„მნიშვნელოვანია, რომ უვადო პატიმრობამისჯილ დედებს არ უნდა აეკრძალოთ მცირეწლოვანი ბავშვების თავისთან ყოლა მხოლოდ მათი სასჯელის გამო“, – ნათქვამია კვლევაში, რომელშიც გარე სამყაროსთან პატიმრების კონტაქტის საკითხებია განხილული. კვლევა მოამზადა ორგანიზაციამ ,,ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“.

ამავე კვლევაში მოცემული რეკომენდაციების მიხედვით, ღია ვიზიტები, სადაც დაშვებულია ფიზიკური კონტაქტი მეგობრებთან, ბავშვებთან და პარტნიორებთან, უნდა იყოს ნორმა.

ქალების კონტაქტს მათ ოჯახსა და შვილებთან განსაკუთრებულად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ორივე მხარისთვის, დაწესებულებებმა უნდა წაახალისონ ქალების კონტაქტი შვილებთან და მათ კანონიერ წარმომადგენლებთან.

შესაძლებელია ფინანსური დახმარება გაეწიოთ იმ ქალებს, რომლებსაც არ აქვთ ოჯახებთან კავშირის შენარჩუნების მატერიალური შესაძლებლობა.

სადაც მეუღლესთან პაემნები დაშვებულია, პატიმარ ქალებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ ეს უფლება მამაკაც პატიმრებთან თანაბარ პირობებში. პაემნები, რომლებშიც ბავშვებიც იღებენ მონაწილეობას, უნდა ჩატარდეს ისეთ გარემოში, რომელიც ხელს შეუწყობს შეხვედრის დადებითად წარმართვას. გარემოში ასევე იგულისხმება თანამშრომელთა დამოკიდებულება და დედასა და ბავშვს შორის ღია და შეუზღუდავი კონტაქტი. შესაძლებლობის ფარგლებში, ხელი უნდა შეეწყოს ბავშვთან გახანგრძლივებულ კონტაქტს.

„საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ქალების შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს ვიზიტების დროის აკუმულირება და თუ ვიზიტები იშვიათად შედგება, შესაძლებელი უნდა იყოს უფრო ხანგრძლივი ვიზიტის განხორციელება. საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, შესაძლებელია ფინანსური დახმარება გაეწიოთ იმ ქალებს, რომლებსაც არ აქვთ ოჯახებთან კავშირის შენარჩუნების მატერიალური შესაძლებლობა“, – ამბობს კვლევის ავტორი, ნატალია ცაგარელი.

არასრულწლოვანი მსჯავრდებულების კონტაქტი გარე სამყაროსთან

არასრულწლოვანი მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ შესაბამისი განათლებით, მშობლებთან და ოჯახთან კონტაქტების შენარჩუნების უფლებით, ადეკვატური ემოციური განვითარების შესაძლებლობით და ა.შ.

გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვნებისთვის, რომელთაც ახასიათებთ ქცევითი, ემოციური პრობლემები ან სოციალური უნარების ნაკლებობა.

სოციალური კავშირების შესანარჩუნებლად არასრულწლოვნებს რეგულარულად უნდა ეძლეოდეთ გარკვეული პერიოდით დაწესებულების დატოვების შესაძლებლობა მარტო ან ბადრაგის თანხლებით. უნდა სარგებლობდნენ ვიზიტებით ყოველკვირეულად ერთ საათზე მეტი ვადით.

მათ უნდა ჰქონდეთ უქმე არასამუშაო დღეებში (შაბათ-კვირას) ვიზიტების მიღების შესაძლებლობა. როგორც წესი, ეს უნდა იყოს მოკლევადიანი პაემანი ბარიერის გარეშე, რომელიც ღიად მიმდინარეობს. ხანგრძლივვადიანი ვიზიტები კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახთან ურთიერთობის შენარჩუნებისა და არასრულწლოვნის საზოგადოებაში რეინტეგრაციისთვის.

ყველა არასრულწლოვანს, წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა ჩათვლით, უნდა ჰქონდეს ხშირი მიმოწერისა და სატელეფონო კავშირების უფლება. თუ არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების კუთხით, კონკრეტული წერილი ან სატელეფონო ზარი შესაძლოა გაკონტროლდეს და აიკრძალოს გამონაკლისი სახით. ყველა ამგვარი შეზღუდვა უნდა განხორციელდეს რისკის შეფასების საფუძველზე და გაგრძელდეს მხოლოდ განსაზღვრული დროით.

არასრულწლოვნებს უნდა ჰქონდეთ საკუთარ ოჯახთან, სხვა ადამიანებთან და გარეშე ორგანიზაციებთან შეუზღუდავი მიმოწერის, მათთან რაც შეიძლება ხშირი სატელეფონო ან სხვა სახის კომუნიკაციის უფლება, ისევე, როგორც ამ პირების მიერ მათი მონახულების უფლება.

დაწესებულების ხელმძღვანელობა უნდა დაეხმაროს არასრულწლოვანს გარე სამყაროსთან ადეკვატური ურთიერთობის დამყარებაში და მოამარაგოს ისინი ამისათვის საჭირო აუცილებელი საშუალებებით.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირობა სამართლიანი და ჰუმანური მოპყრობის განუყოფელი ნაწილია და აუცილებელია არასრულწლოვნის საზოგადოებაში დაბრუნებისთვის მომზადების პროცესში.

არასრულწლოვნებს აქვთ უფლება ასევე მუდმივად ეცნობოდნენ გაზეთებს და სხვა პერიოდულ გამოცემებს, მიიღონ ინფორმაცია რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით, შეხვდნენ იმ ორგანიზაციის ან კლუბების წარმომადგენლებს, რომელთა საქმიანობითაც არიან დაინტერესებულნი.

როგორც ნატალია ცაგარელი ამბობს, არასრულწლოვანი მსჯავრდებულების გარე სამყაროსთან კონტაქტის კუთხით, კანონმდებლობა და პრაქტიკა ძირითადად შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ერთადერთი საკითხი, რაც ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი, ეს არის პაემნების განხორციელება დასვენების დღებში (შაბათ-კვირას), თუმცა სასურველია შესაძლებელი იყოს იმ შემთხვევებში, როდესაც არასრულწლოვნის ოჯახის წევრები მუშაობენ და სამუშაო დღეებში  ვერ ახერხებენ დაწესებულებაში მისვლას.

მისივე თქმით, გამოწვევები უმეტესად არსებობს სრულწლოვან მსჯავრდებულებთან დაკავშირებით, სადაც რიგ შემთხვევებში არსებული პრაქტიკა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, კერძოდ, დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები მინის გამყოფი ბარიერების გამოყენებით – განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მყოფი პატიმრებისთვის ვიდეოპაემნის განხორციელების შეუძლებლობა – რისი უფლებაც მათ აქვთ. გარდა ამისა, ყველა დაწესებულებაში სატელეფონო ზარების კონფიდენციალურობა არ არის უზრუნველყოფილი, ბიბლიოთეკაში  არ არის ხელმისაწვდომი წიგნები სხვადასხვა ენაზე, რაც ხელის შემშლელი ფაქტორია უცხოელი პატიმრებისთვის.


სამაგიდე კვლევა „პატიმრების კონტაქტი გარე სამყაროსთან” მოამზადა ორგანიზაციამ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ (ავტორი: ნატალია ცაგარელი). კვლევა ჩატარდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ,,ციხის საერთაშორისო რეფორმის სამხრეთ კავკასიის ოფისის პროექტის – „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში. დოკუმენტის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და ტექსტში გადმოცემული მოსაზრებები არცერთ ვითარებაში არ შეიძლება ჩაითვალოს დონორის, ,,ციხის საერთაშორისო რეფორმის“ ან მისი პარტნიორი ორგანიზაციების პოზიციის გამომხატველად.

მასალების გადაბეჭდვის წესი