ახალი ამბები

“გულწრფელი და სიღრმისეული ანალიზი” – მთავრობის წევრების მესიჯბოქსი ივანიშვილის ინტერვიუზე

28 ნოემბერი, 2019 • 1917
“გულწრფელი და სიღრმისეული ანალიზი” – მთავრობის წევრების მესიჯბოქსი ივანიშვილის ინტერვიუზე

“გულწრფელი, სიღრმისეული და საჭირო ანალიზი, რომლის მოსმენაც ოპოზიციის წევრებს არ მოსწონს” – ასე აფასებენ საქართველოს მთავრობის წევრები “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ნიკა ლალიაშვილის გადაცემაში “SWOT ანალიზი”.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ისაუბრეს ყოფილი პრემიერის ინტერვიუს შესახებ, რომელიც გუშინ, 27 ნოემბერს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გავიდა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია:

“ბატონმა ბიძინამ აბსოლუტურად გულწრფელად უპასუხა საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს.  ჩემთვის ყველაზე მნიშვვნელოვანი იყო, იმაზე ხაზგასმა, რამდენად რთულია სრულად დემოკრატიული პროცედურების დაცვით ქვეყნის წარმატებულად მართვა. ეს ის გამოწვევა და ვალდებულებაა, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ. ის მიზანი, რომელიც ჩვენ ამ ინტერვიუში დავინახეთ, არის გასაგები და ეს არის ის, რა მიმართულებითაც ვმუშაობთ.”

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:

“მე მინდა, გამოვეხმაურო პარტიის თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს. ჩემი შეფასება არის შემდეგი, რომ ბატონი ბიძინა ჩვეული გულწრფელობით არის მოწოდებული… მან სრულად, გულწრფელად გასცა პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელიც დღეს საზოგადოებას აწუხებს და ყველა იმ აბსურდულ და ცილისმწამებლურ ბრალდებას, რომელიც მომდინარეობს ყველაზე რადიკალური, დესტრუქციული და ექსტრემისტული, ოპოზიციად წოდებული ძალის მხრიდან”.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი:

“მნიშვნელოვანია სიმართლის და ობიექტურობის მიტანა მოსახლეობისთვის. ოპოზიციური ლიდერებისთვის არ არის სასიამოვნო იმ სიმართლის და სწორი ანალიზის მოსმენა, რაც გუშინდელ ინტერვიუში ვიხილეთ. მნიშვენელოვანია, რომ პარტიის ლიდერისგან მოვისმინეთ ახსნა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო „ქართული ოცნების“ სურვილი და, სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა. ამაზეც ამომწურავი ანალიზი გაკეთდა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რამე დანაშაული მიგვიძღვის დემოკრატიული პროცესების ან საქართველოს მოსახლეობის წინაშე. ეს ანალიზი, რომელიც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, ისევე როგორც ყოველთვის, არის ძალიან სიღრმისეული, ძალიან საჭირო და, რა თქმა უნდა, მესმის, რომ ოპოზიციურ ლიდერებს ასეთი ტიპის ანალიზი არ მოსწონთ”.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი:

“ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ, ალბათ, ნახეთ. ერთი მომენტია, რომელსაც მინდა ხაზი გავუსვა, თუ ეს მოთხოვნა პროპროციული აღჩევნების იყო მთელი საზოგადოების მოთხოვნა, მაშინ მოვა ეს საზოგადოება და პასუხს გასცემს არჩევნებზეო. ხოლო თუ ეს მხოლოდ იმ პატარა გუნდისთვისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომელიც ქუჩაშია, მაშინ დარჩება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა:

“პარტიის თავმჯდომარის ინტერვიუ იყო ძალიან სიღრმისეული და ძალიან გულწრფელი ანალიზი. ჩემი აზრით, ბევრ კითხვას, რაც შეიძლება ტრიალებდეს ქართულ საზოგადოებაში, ადეკვატური პასუხი გაეცა. მათ შორის ეს ანალიზი მოიცავდა პასუხს იმ რადიკალური ფრთის განწყობების მიმართაც, ვინც თავისი რადიკალიზმით ცდილობს, დესტრუქცია შემოიტანოს დღევანდელ განვითარებაში. რაც შეეხება კონკრეტულ გზავნილებს, ჩემთვის, როგორც ეკონომიკის მინისტრისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ნაწილი, რაც შეეხება დასაქმებას. მთავრობის პრიორიტეტია დასაქმება”.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი:

“დავადასტურებ და დავეთანხმები “ქართული ოცნების” თავმჯდომარის სიტყვებს – ის, რომ პროპორციული აღჩევნები არის ერთადერთი სამართლიანი და პროპორციული – არა, არარეალური და საფუძველს მოკლებულია. როგორც არაერთხელ, ისე გუშინაც, ბატონმა ბიძინამ ძალიან გულწრფელად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. საკმაოდ სიღრმისეული ანალიზი იყო. მისი პროგნოზები ხშირად გამართლებულა. ხშირ შემთხვევაში ეს გულწრფელი საუბარი ბევრისთვის არის უსიამოვნო მოსასმენი”.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი:

“მინდა გამოვეხმაურო ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს და რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გამოვყო. ძალიან კარგია, რომ ეს ინტერვიუ შედგა. ამ ინტერვიუმ ძალიან კონკრეტული აქცენტები დასვა იქ, სადაც ამ აქცენტების ადგილი იყო და მისი მხრიდან ამას უფრო მეტი მნიშვნელობა და ჭრა აქვს, ვიდრე იგივე თემები გაჟღერებული ჩვენი გუნდის წევრების მხრიდან ინტერვიუმდე, მათ შორის ჩემ მიერ. კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ის, რომ ჩვენი  პოლიტიკური მომავალი მმართველი ძალისა და ოპოზიციის არის სწორედ 2020 წლის არჩევნები შერეული მოდელით. ამიტომაც, ქუჩაში სირბილის ნაცვლად დროა, რომ ყველამ დავიწყოთ არჩევნებისთვის მზადება. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ინტერვიუ მთლიანად გვაჩვენებდა იმას, რაც არის და ვინც არის ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს პირადი ინტერესი იმყოფებოდეს იქ, სადაც არის, ანუ მმართველი ძალის სათავეში, და ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც მთავარი არის სახელმწიფოს სწრაფი განვითარება, იმ პირობებში, რა პირობებშიც, რაშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება. ეს არის ოკუპაცია და ეკონომიკური პრობლემები და დასაქმება, რომელზეც იყო საკმაოდ სიღრმისეული და მასშტაბური საუბარი ამ ინტერვიუს დროს. დაბოლოს, მნიშვნელოვანი აქცენტი გახლდათ ის, რომ კედელზე რტყმას აზრი არ აქვს, დროა, რომ პარტიებმა არჩევნებზე იზრუნონ და ვერანაირი ხელშეშლა ვერც მთავრობის და ვერც პარლამენტის ფუნქციონირებაში ეფექტური ვერ იქნება, რაც მალე გავიგებთ ამას ყველა ერთად, ეს ქვეყნისთვის იქნება უკეთესი.”

ამ თემაზე:

ივანიშვილი ქართველებს დასაქმებას არა საქართველოში, არამედ უცხოეთში ჰპირდება

მასალების გადაბეჭდვის წესი