ახალი ამბები

წულუკიანი და თურნავა ივანიშვილის ინტერვიუს დასაქმების ნაწილშიც აქებენ

28 ნოემბერი, 2019 • 2111
წულუკიანი და თურნავა ივანიშვილის ინტერვიუს დასაქმების ნაწილშიც აქებენ

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აქებენ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს „იმედზე“, განსაკუთრებით კი გამოყოფენ ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელიც დასაქმებას ეხება.

ივანიშვილმა 27 ნოემბრის ინტერვიუში თქვა, რომ „ორ მილიონ სამუშო ადგილს უახლოეს 20 წელიწადში საქართველოში ვერც ერთი ეკონომიკა ვერ შექმნის“ და გამოსავალს ხედავს მათ დასაქმებაში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

მეორე დღეს, 28 ნოემბერს, მთავრობის სხდომის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „სიღრმისეული და მასშტაბური“ უწოდა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, დასაქმების საკითხებს ეხებოდა.

„ეს ინტერვიუ მთლიანად გვაჩვენებდა, რაც არის და ვინც არის ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს პირადი ინტერესი, რომ იმყოფებოდეს იქ, სადაც არის, ანუ მმართველი ძალის სათავეში, და ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც მთავარი არის სახელმწიფოს, და ქართული სახელმწიფოს, სწრაფი განვითარება იმ პირობებში, რა პირობებშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება. ეს არის ოკუპაცია, ეკონომიკური პრობლემები და ეს არის დასაქმება, რაზეც იყო სიღრმისეული და მასშტაბური საუბარი გუშინ ამ ინტერვიუს დროს“, — განაცხადა წულუკიანმა.

ინტერვიუს ეს ნაწილი ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამაც შეაქო და თქვა, რომ ინტერვიუს სხვადასხვა გზავნილიდან მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დასაქმების ნაწილი იყო.

„ჩემთვის, როგორც ეკონომიკის მინისტრისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ნაწილი, რაც შეეხება დასაქმებას“, – თქვა თურნავამ და დასძინა:

„ყველგან ვატარებთ ამ ხაზს, რომ დასაქმება არის არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, პრივატიზების დაჩქარება ან საინვესტიციო პროცესების დაჩქარება, არამედ ეს ყველაფერი თუ კეთდება, კეთდება ერთი მიზნით, რომ გავზარდოთ დასაქმება. ეს ხაზი არის ასახული ჩვენს ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში, დაწყებული განათლების რეფორმით და დასრულებული მასიური პრივატიზებით“.

ივანიშვილმა ინტერვიუში დასაქმებაზე საუბრისას თქვა: „ჩვენ შეგვიძლია და უკვე აქტიურად ვმუშაობთ ამაზე ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან. როგორც სახელმწიფო, ვაფორმებთ კონტრაქტებს და მივდივართ ამაზე, რომ შევავსოთ ის დეფიციტი, რა დეფიციტიც ევროპელებს აქვთ. მათ აქვთ სამუშო ადგილები, აკლიათ სამუშაო ძალა. ჩვენ არ გვაქვს სამუშაო ადგილები, ესაა ჩვენი ძირითადი პრობლემა“.

ექსპრემიერის თანახმად, 2-3 წელიწადში შესაძლებელი იქნება, ყველამ იპოვოს სამსახური, ვისაც ამის სურვილი ექნება და ზოგი მიუნხენში იმუშავებს, ზოგი – ქუთაისში:

„2 მილიონ სამუშო ადგილს ვერც 10 და 20 წელიწდში ვერც ერთი ეკონომიკა საქართველოში ვერ შექმნის, რეალური გამოსავალი ეს არის. ჩვენ თუ ამას მოვახერხებთ, ღარიბ ქვეყნებში გახიზნული ჩვენი თანამოქალაქეები შეიძლება დაბრუნდნენ და უფრო მაღალანაზღაურებად სამუშოზე წავიდნენ. მე ვფიქრობ, 2-3 წელიწადში, გარანტიებს ვერ ვიძლევი ამაზე, მაგრამ აბსოლუტურად რეალურია ჩვენ ძირითადად მივიღოთ ბალანსი.

დაახლოებით ისე, როგორც ზემო იმერლები, ჩვენ ღარიბი მიწები გვქონდა, ზამთარში მივდიოდით და გურიაში და სამეგრელოში ვმუშაობდით. იცით, რაჭველები და სხვანები ჩამოდიოდნენ, მაგრამ ისინი არ იყვნენ თავმოყვარეობაშელახული ხალხი. 2-3 წელიწადში ყველა ჩვენი მოქალაქე, ვისაც უნდა მუშაობა, შეგვიძლია, რომ დასაქმდეს ღირსეულად. ზოგი მიუნხენში იმუშავებს, ზოგი – ქუთაისში“.

ივანიშვილი ქართველებს დასაქმებას არა საქართველოში, არამედ უცხოეთში ჰპირდება

მასალების გადაბეჭდვის წესი