ახალი ამბები

ვაჟა სირაძის თქმით, აქტივისტები კი არ დააკავეს, არამედ გაარიდეს ტერიტორიას

28 ნოემბერი, 2019 • 1025
ვაჟა სირაძის თქმით,  აქტივისტები კი არ დააკავეს, არამედ გაარიდეს ტერიტორიას

საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ პარლამენტთან მყოფ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დღეს, 28 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარედ არავინ დაუკავებიათ.

“არავინ დაგვიკავებია, გავარიდეთ ტერიტორიიდან”, – უთხრა სირაძემ ჟურნალისტებს.

რამდენიმე პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია ელენე ხოშტარიამ გაავრცელა. პოლიციის მიერ რამდენიმე პირის პარლამენტის ტერიტორიიდან  გაყვანას მედიის ნაწილიც შეესწრო. ხოშტარიას თქმით, ვაჟა სირაძე იტყუება, რადგან დაკავებულები უკვე პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი და მათთან ადვოკატები მიდიან.

ოპოზიციონერი აქტივისტები დილიდან ცდილობენ, პარლამენტის შესასველებთან გააკეთონ ე.წ. სირცხვილის კორიდორები. ამის შესახებ მათ ჯერ კიდევ გუშინ დააანონსეს, თუმცა დღეს დილიდან პოლიციამ პარლამენტის მისასვლელი ქუჩები ლითონის ღობეებით ჩახერგა.

როგორც ვაჟა სირაძე ამბობს, ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ოპოზიციამ პარლამენტის ბლოკირება ვერ შეძლოს.

ოპოზიცია უკვე ორი კვირაა საპროტესტო აქციებს მართავს, რომლის მიზეზიც გახდა “ქართული ოცნების” დაპირების შეუსრულებლობა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ოპოზიციის თქმით, ეს იყო ერთადერთი გზა, რომელიც ქვეყანაში ერთპარტიულ მმართველობას დაასრულებდა. შსს-მ ოპოზიციის აქცია უკვე ორჯერ დაშალა სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები პროტესტის შეწყვეტას ჯერ არ აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი