ახალი ამბები

ევექსმა შესაძლოა საყოველთაო ჯანდაცვის რიგი კომპონენტები დატოვოს

27 ნოემბერი, 2019 • 1207
ევექსმა შესაძლოა საყოველთაო ჯანდაცვის რიგი კომპონენტები დატოვოს

ევექსი ჰოსპიტალების გენერალური დირექტორი გიორგი მინდიაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამინისტროს ახალი რეგულაციის გამო ევექსის ქსელის კონკრეტულმა კლინიკებმა საყოველთაო ჯანდაცვის რიგი კომპონენტები დატოვოს:

“ეს ფასები სრულიად მიუღებელია, არის უმეტეს შემთხვევაში ზარალის მომტანი. მე არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ შეხვედრა გვექნება სამინისტროში ალბათ და ამის შემდგომ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ რაღაც სერვისებში უარი ვთქვათ საერთოდ საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილეობაზე. ჩვენს არც ფინანსურ დირექტორთან და არც არავისთან სამუშაო შეხვედრა არ გამართულა.

პირველად ფასები გავიგეთ  5 ნოემბერს, როდესაც გამოქვეყნდა. თუ საბოლოო ფასები დადასტურდა და არ მოხდა მათი გადახედვა, ჩვენ გადავთვლით საბოლოოდ და მივიღებთ გადაწყვეტილებას კონკრეტულ კომპონენტებში და კონკრეტული კლინიკების გასვლის თაობაზე, არა სრულად, რა თქმა უნდა”, – ამბობს მინდიაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრების #520 დადგენილება უკვე ამოქმედდა. ანუ მთავრობის მიღებული ცვლილებით სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართულნი იქნებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, პაციენტებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით. სამინისტროს მიერ დადგენილ ტარიფებს 25-ზე მეტი კლინიკა აპროტესტებს. საუბარია მათზე, ვინც გულზე ქირურგიულ ოპერაციებზე მუშაობს.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

#520 დადგენილება ძალაშია – რას მოუტანს ის კლინიკებს, პაციენტებს, ბიუჯეტს

მასალების გადაბეჭდვის წესი