ახალი ამბები

უსუფაშვილი “გერმანული მოდელის” კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განხილვის მომხრეა, კობახიძე – არა

26 ნოემბერი, 2019 • 3840
უსუფაშვილი “გერმანული მოდელის” კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განხილვის მომხრეა, კობახიძე – არა

“შენების მოძრაობის” ლიდერი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ექს-სპიკერ ირაკლი კობახიძეს სთავაზობს, “გერმანული მოდელის” საარჩევნო სისტემის კანონპროექტი, საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის დასადგენად, განსახილველად ვენეციის კომისიას გაუგზავნონ.

ოპოზიცია შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლად ხელისუფლებას ე.წ. გერმანული მოდელის საარჩევნო სისტემაზე გადასვლას სთავაზობს იმ არგუმენტით, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება საკონსტიტუციო უმრავლესობას არ საჭიროებს. “ქართული ოცნების” თქმით კი, “გერმანული მოდელი” საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, ვინაიდან 150-ვე მანდატი შინაარსობრივად პროპორციული პრინციპით ნაწილდება, საქართველოს კონსტიტუცია კი 77 დეპუტატის – პროპორციული და 73 დეპუტატის მაჟორიტარული წესით არჩევას ითვალისწინებს. 

“მზად ხარ იმისთვის, რომ მე და შენ ახლა ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და ვთქვათ, რომ ამ მოდელს ერთად ვაგზავნით ვენეციის კომისიაში და ვამბობთ, მოდი, განგვსაჯეთ, მიუკერძოებელო ექსპერტებო?! იტყვის ვენეციის კომისია, რომ არაკონსტიტუციურია? – მორჩა, “უსუფაშვილის მოდელს” უსუფაშვილი შეინახავს თავის არქივში. იტყვის, რომ კონსტიტუციურია? – პარლამენტმა მიიღოს 76 ხმით”, – მიმართა უსუფაშვილმა კობახიძეს “იმედის” გადაცემა “არენაში” გამართული დებატებისას.

კობახიძის თქმით, “გერმანულ მოდელზე” მსჯელობა ჯერ ქვეყნის შიგნით უნდა გაიმართოს.

“ამ საკითხზე ჯერ იურიდიული დისკუსია უნდა შედგეს და შემდეგ პოლიტიკური. მოდი, დავსხდეთ და ჯერ იურიდიული კუთხით განვიხილოთ ეს საკითხი ნებისმიერ ფორმატში, ჩავრთოთ ნებისმიერი ექსპერტი, NGO, უცხოელი და შინაური და ჯერ ჩვენ გავარჩიოთ შიგნით. თუ დავადგენთ, რომ არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი, ამ შემთხვევაში, მოდით, ბანანის რესპუბლიკად ნუ წარმოვჩინდებით და ასეთ კაზუსს ნუ გავუგზავნით ვენეციის კომისიას”, – უპასუხა კობახიძემ.

“ბანანის რეპსუბლიკისკენ რომ მიექანება ეს ქვეყანა და ამას რომ ვერ ხვდებით, ამაშია საქმე”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

თემაზე, შეესაბამება თუ არა ე.წ. გერმანული მოდელის საარჩევნო სისტემა საქართველოს კონსტიტუციას, ნახეთ სტატია “ნეტგაზეთის” არქივიდან:

შეესაბამება თუ არა ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას?

მასალების გადაბეჭდვის წესი