ახალი ამბები

მდინარაძის თქმით, აქციის მონაწილეების ქმედებების სსკ მუხლით დაკვალიფიცირება შეიძლება

26 ნოემბერი, 2019 • 1126
მდინარაძის თქმით, აქციის მონაწილეების ქმედებების სსკ მუხლით დაკვალიფიცირება შეიძლება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების მიერ დაანონსებული პიკეტი არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლებით  კვალიფიცირდება და 26 ნოემბერის დილით აქციის დაშლა ამ დანაშაულის პრევენციას ემსახურებოდა.

განცხადება ამის შესახებ მდინარაძემ “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.

“ეს ადამიანები აანონსებდნენ, რომ შეძლებდნენ პარლამენტის ბლოკირებას. დანაშაულის გამორიცხვის მიზნით, ისინი კი სიტყვებში პიკეტირებაზე საუბრობდნენ, მაგრამ წინა შემთხვევაში ხომ ვნახეთ, რომ ბლოკირების მცდელობა იყო. ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია და ამას ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი. ჩვენ შეგვეძლო, რომ დაგვეცადა 2-3 დღე, ბლოკირება მოეხდინათ და ამის შემდეგ სისხლის სამართლის გზით ემოქმედა სახელემწიფოს. ჩვენ მოვიქეცით პრევენციულად. დანაშაული აღვკეთეთ და ეს არის კარგი საქციელი სახელმწიფოს მხრიდან”, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის აზრით, პრევენციული მოქმედებების საჭიროება გამომდინარეობდა 18 ნოემბრის მოვლენებიდან, როდესაც, მისი თქმით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ბლოკირება განახორციელეს.

უფრო ადრე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სიმონ ნოზაძემ განაცხადა, რომ “თუკი მოწმეთა ბაზა იქნება”, 18 ნოემბერს დაკავებული მომიტინგეების ქმედების დაკვალიფიცირება სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვითაც შეუძლია.

სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მიხედვით, რომელზეც უმრავლესობის დეპუტატები აპელირებენ,  ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის, ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

როგორც 18 ნოემბერს, ისე 26 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს დაკავებულთა მიმართ საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლების საფუძველზე დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი