ახალი ამბები

სამწუხაროა, რომ არ არის ურთიერთგაგება მთავრობასა და ოპოზიციას შორის – ილია II

26 ნოემბერი, 2019 • 1227
სამწუხაროა, რომ არ არის ურთიერთგაგება მთავრობასა და ოპოზიციას შორის – ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში აკრედიტირებული ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღო.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩებს ვიზიტისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი პრობლემა არის სახელმწიფოებში და მათ ურთიერთობებში. მოგეხსენებათ, არაერთი პრობლემა აქვს საქართველოსაც. უპირველეს ყოვლისა კი ის, რომ ტერიტორიული მთლიანობაა დარღვეული – 20%, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჯერჯერობით არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და აფხაზეთიდან ამირჩიეს საქართველოს პატრიარქად”, – განაცხადა პატრიარქმა და დასძინა, რომ ეს ფაქტი განსაკუთრებით მტკივნეულია მისთვის.

“სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ არ არის ურთიერთგაგება მთავრობასა და ოპოზიციას შორის. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთისა. მოსმენით და ურთიერთგაგებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა პატრიარქმა.

შეხვედრაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ ისრაელის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, საბერძნეთის, თურქეთის, უკრაინის, პოლონეთის და სხვა ქვეყნების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები.

“თქვენო უწმინდესობავ, თქვენი მესიჯი ძალიან მნიშვნელოვანია ამ რთული პერიოდისთვის. გეთანხმებით, რომ დაძაბული დროა, ამიტომ, როგორც თქვენ ბრძანეთ, ჩვენ ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ”, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაქენზი სმიტმა.

“იტალია, როგორც ერთ-ერთი დამფუძნებული ევროკავშირისა და საქართველოს დიდი ხნის მეგობარი  ქვეყანა, მხარს უჭერს საქართველოს და მომავალშიც დავუჭერთ. თქვენ ღვთის კაცი და სულიერი ლიდერი ბრძანდებით და როცა საუბრობთ, შეგვახსენებთ, რომ პოლიტიკის უკან არიან უბრალო ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან. თქვენ, როგორც სულიერმა ადამიანმა და ბრძენმა პიროვნებამ, შეგვახსენეთ, რომ ნებისმიერი პრობლემა შეიძლება მოგვარდეს დიალოგით, მოლაპარაკებებით”, – განაცხადა იტალიის ელჩმა ანტონიო ბარტოლიმ.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ზოგად მდგომარეობაზე, საელჩოების როლზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მზადაა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, რისი ერთ-ერთი დასტურიცაა ჩვენი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში და ბრიუსელში. მან ასევე ისაუბრა კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე და დიპლომატებს სთხოვა დახმარება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი