ახალი ამბები

მოსახლეობის 23% ერთდროულად უჭერს მხარს ევრაზიულ და ევროპულ ინტეგრაციას

15 მაისი, 2015 • • 1455
მოსახლეობის 23% ერთდროულად უჭერს მხარს ევრაზიულ და ევროპულ ინტეგრაციას

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც 11 მაისს გამოქვეყნდა,  მოწმობს, რომ საქართველოში ევრაზიულ კავშირის მომხრეების რაოდენობა საკმაოდ დიდია. ამან საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, თუმცა ნეტგაზეთის მიერ გამოკითხვის ორგანიზატორებთან დაზუსტებული მონაცემები ადასტურებს, რომ ადამიანების ნაწილის არჩევანი გაცნობიერებული არ არის.

 

NDI-ს ვთხოვეთ, დაეზუსტებინა,  გამოკითხვის დროს თუ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც ევრაზიულ კავშირთან ინტეგრაციის თაობაზე დასმულ შეკითხვასაც დადებითად უპასუხა და ევროკავშირთან ასოცირებაც მოიწონა. და თუ იყვნენ, რამდენმა.

 

NDI-ის დათვლით, სულ, ჯამში, (არა ზემოხსენებული 31%-ის ჩათვლით, არამედ ყველა გამოკითხულის მიხედვით) ქვეყნის მოსახლეობის 23-მა პროცენტმა, ანუ ერთი და იგივე ადამიანებმა მხარი დაუჭირეს როგორც საქართველოს ევრაზიულ კავშირში, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციას. 31 პროცენტს რომ 23% გამოვაკლოთ, მივიღებთ 8 პროცენტს, ანუ იმ ადამიანების რეალურ რაოდენობას, ვინც არა ორივეს, არამედ მხოლოდ ევრაზიულ კავშირს დაუჭირა მხარი და მყარად არის ჩამოყალიბებული, რომ ქვეყნის განვითარების მომავალს მხოლოდ ევრაზიულ მიმართულებას უკავშირებს.

 

თუმცა თუ ვითარებას ასეთი ლოგიკით გავაანალიზებთ, ამ შემთხვევაში დაიკლებს იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებმაც ამ ორ მონაცემს შორის კორელაციაში მხოლოდ ევროასოცირებას გამოუცხადეს მხარდაჭერა: 68% – 23%=45%.

 

აქ უკვე დგება იმ ადამიანების ინფორმირებულობის საკითხი, რომლებიც საგარეო ვექტორის ორივე მიმართულებას ერთდროულად უჭერენ მხარს, მათი დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ უფრო მყარია, თუ ევრაზიულ სივრცესთან?

 

რეალურად, ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირში ერთდროულად წევრობა, ინტეგრაცია, თავისუფალი ვაჭრობა და ასე შემდეგ, ოქსიმორონია, რადგან მათი თუნდაც საბაჟო რეგულაციები ერთიმეორეს გამორიცხავს.

 

“ალბათობა, რომ შესაძლოა, ადამიანებს შეეშალოთ, არსებობს. ამას ვერავინ გამორიცხავს და მას ვერც ერთი მკვლევარი გაექცევა. არის ადამიანების გარკვეული რაოდენობა, რომელმაც ევრაზიულ კავშირზეც გასცა დადებითი პასუხი და ამავდროულად თქვა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ვამართლებო. რა მიზეზით სცემენ ასეთ პასუხს, რთული სათქმელია, შეიძლება ეს იყოს ის, რომ არ ესმით განსხვავება ამ ორ კავშირს შორის. მთავარი მიგნება ისაა, რომ როგორც ჩანს, ადამიანებს ინფორმაციის ნაკლებობა აქვთ”, – აცხადებენ NDI-ში.

 

იმის საილუსტრაციოდ, რომ ევრაზიული კავშირისკენ მოქალაქეების მისწრაფებების შესახებ 31-პროცენტიანი მონაცემი მხოლოდ ადამიანების მიერ არასწორ ინფორმაციაზე გაკეთებულ დასკვნებს არ ეფუძნება, NDI-ში მიგვითითეს კიდევ ერთ მონაცემზე, რომელიც ასევე კვლევაშია მოცემული. გამოკითხულთა 26 პროცენტი აცხადებს, რომ საქართველო უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბების სანაცვლოდ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარს იტყვის.  [თუმცა ნეტგაზეთისთვის უცნობია ამ  26% -ის კორელაცია ევრაზიული კავშირის და ევროკავშირის მომხრეთა პროცენტულ მაჩვენებელთან].

 

“ამით იმის თქმა გვსურს, რომ თურმე ამ 31 პროცენტის უმეტესობას არ გაუგია არასწორად იმიტომ, რომ მეორე კითხვის მიხედვით მოსახლეობის მეოთხედი მზადაა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების ხარჯზე დათმოს ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაცია”, – აცხადებენ NDI-ში.

 

რატომ არ განუმარტეს გამოკითხულებს, თუ რას ნიშნავს ევრაზიული კავშირი

 

სოციოლოგიურ გამოკითხვას სხვადასხვა ორგანიზაცია განსხვავებული მეთოდოლოგიით ატარებს. არსებობს მეთოდოლოგია, როდესაც ინტერვიუერი წინასწარ შემუშავებული სტანდარტული ინსტრუქციით რესპონდენტის კონტრშეკითხვებს პასუხობს და საჭიროების შემთხვევაში უხსნის, თუ რას შეეხება მისი შეკითხვა.

 

ნეტგაზეთმა ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს [NDI] კითხა, გამოკითხვის პროცესში თუ უხსნიდა ინტერვიუერი რესპონდენტს, რას ნიშნავს ევრაზიული კავშირი, რა განსხვავებაა ევრაზიულ კავშირსა და ევროკავშირს შორის და იმას, რომ ევრაზიული კავშირის წევრობა გამორიცხავს ევროკავშირის წევრობას საბაჟო რეგულაციების გამო, რაზეც NDI-მ გვიპასუხა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 4360 ინტერვიუს დროს ადამიანებისთვის ევრაზიული კავშირის მნიშვნელობა არ განუმარტავთ და მხოლოდ ასეთი ფორმულირების შეკითხვა დაუსვეს: “მისაღებია თუ არა საქართველოს გაწევრიანება ევრაზიის კავშირში”.  

 

ნეტგაზეთის შეკითხვას, რატომ მიიღო ორგანიზაციამ ეს გადაწყვეტილება და რა იყო მოტივაცია, NDI-ს საქართველოს ოფისში ასე უპასუხეს:

 

“კითხვა ბევრნაირად შეიძლება დაისვას. არც ევროკავშირზე, არც ასოცირების ხელშეკრულებაზე, არც ნატოზე განმარტებას არ ვაძლევდით”.

 

NDI-ს კვლევაში არაერთ საკითხზე იყო შეკითხვა დასმული მოსახლეობისთვის, მათ შორის იმაზე, თუ რას ფიქრობენ ადამიანები პარლამენტში სავალდებულო გენდერულ კვოტირებაზე. NDI-ში ადასტურებენ, რომ ეს საკითხი ევრაზიული კავშირისგან განსხვავებით ინტერვიუერებმა მოქალაქეებს განუმარტეს, “რადგან ეს უფრო უცხო მოვლენაა”.

 

“კვოტებზე განმარტებას ვაძლევდით და შემდეგ ვეკითხებოდით, ეთანხმებიან თუ არა, მაგრამ ევრაზიის კავშირის საკითხზე არ მიგვიმართავს ამ მეთოდისთვის და გეტყვით რატომ: წარმოიდგინეთ ევრაზიული კავშირის განმარტება – უნივერსალური საერთაშორისო სამართლებრივი განმარტება არ არსებობს, შეიძლება ყოფილიყო მიმანიშნებელი ნიშანი, მაგრამ შემდეგ ვიღაცას დაებრალებინა, თქვენ ისე განმარტეთ ევრაზიული კავშირი, რომ, ბუნებრივია, ხალხმა შემდეგ ასე უპასუხაო. ჩვენ გვაინტერესებდა პირდაპირი პასუხი”.

რა გავიგეთ კვლევიდან?

 

NDI-ის კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ მოსახლეობის თითქმის მეოთხედი (23%) საკმარისად არ არის ინფორმირებული, თუ რა განსხვავება არსებობს ევროკავშირსა და ევრაზიულ სივრცეს შორის, რომლის ჩამოყალიბებასაც რუსეთი ცდილობს. ადამიანების ნაწილს ჰგონია, რომ ამ ორი მიმართულებით ერთდროულად სვლა შესაძლებელია.

 

პოლიტიოლოგი ლევან ცუცქირიძე აცხადებს, რომ საზოგადოებაში იკვეთება მეტი დისკუსიის აუცილებლობა:

 

“თუ იქნება მეტი დისკუსია და არგუმენტი იმის თაობაზე, რატომ ჯობია იცხოვრო პირობითად გერმანული სოფლისმაგვარ დასახლებაში, ვიდრე რუსულში, ძალიან კარგი იქნებოდა და განსხვავევები თვალსაჩინოდ გამოჩნდებოდა. უფრო მეტი არგუმენტირებული მსჯელობა ნამდვილად კარგი იქნებოდა”

 

ცუცქირიძე თვლის, რომ ჩამოუყალიბებელი 23% კატასტროფა არ არის.  

 

“ მე არ მგონია, რომ მთლად ასეთი გაუცნობიერებელი იყოს მთელი საზოგადოება ამ ორი ალტერნატივის შეუთავსებლობაზე. ჩამოუყალიბებელი 23 პროცენტი ცუდია, მაგრამ არ მგონია, რომ ეს კატასტროფაა. ეს აჩვენებს იმას, რომ ამაზე მეტი დისკუსიაა საჭირო. მოსახლეობის დიდი ნაწილი, ჩემი აზრით, მეტნაკლებად ხედავს განსხვავებებს, მაგრამ, როგორც ჩანს, უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ ფაქტებით, არგუმენტებით და, რაც მთავარია, გასაგებად იმაზე, რომ საქართველოს დასავალური ორიენტაცია მხოლოდ ზოგადი იდეა არ არის”,  – ამბობს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე და დასძენს, რომ პროდასავლური ორიენტაცია ძალიან მნიშვნელოვანი ფასეულობაა, მაგრამ ასევე პრაგმატული და პრაქტიკული თვალსაზრისითაც  უკეთესი არჩევანია, “ვიდრე ის ევრაზიული ალტერნატივა, რომელიც თითქოს არსებობს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი