ახალი ამბები

8 წლის განმავლობაში საქართველოში შემოსული ინვესტიციების 38% ოფშორული ქვეყნებიდანაა – TI

27 ნოემბერი, 2019 • 1986
8 წლის განმავლობაში საქართველოში შემოსული ინვესტიციების 38% ოფშორული ქვეყნებიდანაა – TI

არასამთავრობო ორგანიზაციის, “საერთაშორისო გაჭვირვალობა – საქართველოს”, დღეს, 27 ნოემბერს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით 2010-2018 წლებში საქართველოში შემოსული მთლიანი ინვისტიციების 38% ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებზე მოდის, რაც 5 მილიარდ დოლარს უტოლდება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, ქვეყნის სამეწარმეო რეესტრში 3000-მდე კომპანიაა, რომელთა მთლიანი ან გარკვეული წილის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიებია. მათ შორის არის საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და “ქართული ოცნების” ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია FRANKSTON INTERNATIONAL.

სტატიის მიხედვით, 2019 წლის პირველ ნახევრში ოფშორული ქვეყნებიდან შემოსული ინვესტიციების ყველაზე დიდი ნაწილი (59 მლნ დოლარი) სწორედ ამ კომპანიის ოფშორული ქვეყნიდან – პანამიდან შემოვიდა.

რა არის ოფშორი

“საერთაშორიოს გამჭვირვალობა – საქართველოს” მიხედვით ,ოფშორი არის ქვეყანა ან ქვეყნის კონკრეტული ტერიტორია, სადაც კომპანიები განსაკუთრებით შეღავათიანი პირობებით სარგებლობენ. ოფშორულ ზონებს “საგადასახადო სამოთხესაც” უწოდებენ, სადაც კომპანიებს შეუძლიათ ისარგებლონ დაბალი გადასახადებით, კომპანიის მფლობელის კონფიდენციალურობით, ფინანსური ანგარიშების მარტივი წესებით და კომპანიის რეგისტრაციის და ოპერაციების განხორციელების სიმარტივით.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიხედვით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ოფშორში კომპანიის რეგისტრაციისთვის არ არის აუცილებელი ამ ქვეყნის მოქალაქეობა, ან რეგისტრირებული ოფისის ფლობა.

“თუ გინდა გაექცე სახელმწიფო ბიუროკრატიას, გარკვეულ სამართლებრივ კონტროლს და გადასახადების ნაწილს, ოფშორი ამ მხრივ მართლაც „სამოთხეა“”, – აღნიშნულია სტატიაში.

არსებობს ათობით ოფშორული ტერიტორია, რომელთა სამართლებრივი სისტემაც შემოსავლიანია. ასეთ ტერიტორიებზე რეგისტრაციისთვის კი აუცილებელია გარკვეული თანხის გადახდა, რის შემდეგაც უცხოურ კომპანიებისთვის ოფშორული ქვეყნების კომპანიების მომსახურება სავალდებულო ხდება.

ყველაზე მოთხოვნადი ოფშორული ქვეყნები და ტერიტორიებია: პანამა, ბაჰამის კუნძულები, ბრიტანეთს ვირჯინიის კუნძულები, კვიპროსი, მალტა, კაიმანის კუნძულები, ბელიზი, ბარბადოსი, ლუქსემბურგი, ჯერზი, ჰონგ კონგი, მარშალის კუნძულები, მაკაუ და ა.შ.

“ზოგიერთი ბიზნესმენისთვის ოფშორის გამოყენების მთავარი მოტივატორი არის კონფიდენციალობა და ფულის წარმომავლობის გადამოწმების დაბალი სტანდარტები, თუმცა ეს, იმავდროულად, ფულის „გათეთრების“ შესაძლებლობას ამარტივებს. ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიების მეშვეობით პიროვნებებს შეუძლიათ ისე აწარმოონ აქტიური ბიზნესსაქმიანობა, რომ მათი ვინაობა ცნობილი არ გახდეს”,- აღნიშნულია სტატიაში.

ოფშორულ ქვეყნებში საკუთარ ბიზნესებს ხშირად არეგისტრირებენ მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოხელეები, რომელთაც ეკრძალებათ/ეზღუდებათ ბიზნესსაქმიანობა ან არ სურთ სიმდიდრის გამოჩენა.

ოფშორი და ბიძინა ივანიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციის “საერთაშორისო გაჭვირვალობა – საქართველოს” სტატიის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილისა და კომპანია FRANSTON INTERNATIONAL-ის კავშირს ადასტურებს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შპს “ტურიზმის განვითარების ფონდი”, რომელიც საქართველოში რამდენიმე პროექტს ახორციელებს, მისი 100%-იანი წილის მფლობელი კი სწორედ ზემოთ აღნიშნული პანამური კომპანიაა. გარდა ამისა, სტატიაში აღნიშნულია, რომ კომპანიის ყოფილი და მოქმედი დირექტორები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები არიან.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით კი, “ტურიზმის განვითარების ფონდი” და “ბანკი ქართუ” ერთი და იგივე იურიდიულ მისამართზეა რეგისტრირებული. სტატიის მიხედვით, სწორედ პანამური კომპანიაა ბიძინა ივანიშვილის მთავარი საინვესტიციო კომპანიის – “თანაინვესტირების ფონდის” 100%-იანი წილის მფლობელი.

გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ 2018 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის სახელთან  9 ოფშორული კომპანია და 70-ზე მეტი საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაციაა სხვადასხვა სახით დაკავშირებული.

“მართალია, პოლიტიკოსის კავშირი კერძო სექტორის კომპანიებთან, მათ შორის ოფშორულთან, ყოველთვის კანონის დარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის სერიოზული პოტენციური წყაროა, მით უმეტეს, მაშინ, როცა ხელისუფლების ყველა შტო ერთი პარტიის ხელშია. ასევე, რადგან ოფშორულ კომპანიებს ძირითადად ფულის წარმომავლობის შესანიღბად და დაბალი გამჭვირვალობის გამო ირჩევენ, ეს გარემოება დამატებით ეჭვებს აჩენს”, – წერია კვლევაში.

“საგამოძიებო ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის” მიერ 2016 წლის აპრილში გამოქვეყნებულ “პანამის დოკუმენტებში”, რომელიც ოფშორულ ქვეყნებში რეგისტრირებული კომპანიების გადასახადების თავის არიდებისა და “ფულის გათეთრების” კორუფციულ სქემებს ამხელს, ნახსენებია ბიძინა ივანიშვილიც.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ 2016 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრად მუშაობის პერიოდში, თანამდებობის პირის დეკლარაციაში არ ჰქონდა მითითებული ოფშორული კომპანია. აღნიშნული დეკლარაცია ივანიშვილმა თანამდებობაზე ყოფნისას შეავსო.

მასალების გადაბეჭდვის წესი