ახალი ამბები

გვენეტაძეს პასუხი უნდა მოსთხოვო არასწორ რეგულაციებზე და არა ლარის გაუფასურებაზე – ჯაფარიძე

26 ნოემბერი, 2019 • 800
გვენეტაძეს პასუხი უნდა მოსთხოვო არასწორ რეგულაციებზე და არა ლარის გაუფასურებაზე – ჯაფარიძე

“ლელოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ლარის გაუფასურებაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პასუხი არ უნდა აგოს.

ჯაფარიძის შეფასებით, ფიზიკურ პირებზე დაკრედიტების წესის ცვლილება კობა გვენეტაძის პასუხისმგებლობაა მიუხედავად იმისა, რომ ეს მთავრობის ინიციატივა იყო. ჯაფარიძის თქმითვე, გვენეტაძე ამ ცვლილების ერთ-ერთი ლობისტი იყო, რაც საბოლოოდ სებ-მა დაამტკიცა კიდეც.

“საბანკო სფეროს პროფესიონალები მას აფრთხილებდნენ, რომ ეს ჩვენი ეკონომიკური ზრდის შენელებას გამოიწვევდა, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა. ასევე ვნახეთ, რომ მისმა გადაწყვეტილებამ განსაკუთრებული პრობლემა დეველოპერებს შეუქმნა. რაც შეეხება ლარს, საქართველო აღარ არის საინტერესო ინვესტიციების თვალსაზრისით. კატასტროფული კლება გვაქვს ამ მიმართულებით. ბუნებრივია, ეს ლარზე აისახა. ლარზე აისახება მოლოდინებიც… ლარის გაუფასურებაში ეროვნული ბანკის წვლილზე ვერ ვიტყვით, ობიექტურები უნდა ვიყოთ, მაგრამ სებ-სა და მისი მმართველის უარყოფითი წვლილი არის იმაში, რომ ამ წელს ეკონომიკური ზრდა შეჩერდა. აქედან გამომდინარე, გვენეტაძეს პასუხი უნდა მოსთხოვო არასწორ რეგულაციებზე, არაპროფესიული გადაწყვეტილებაზე, რამაც განსაკუთრებით დააზარალა საცალო ბიზნესი და შეამცირა მისი დაკრედიტებაზე 200- ათასიანი ზღურბლის შემოღება და სხვა” ,- ამბობს ჯაფარიძე.

ნეტგაზეთის კითხვაზე, რამდენად სწორია, როცა მაღალ ინფლაციასა და ლარის გაუფასურებაზე ეროვნულ ბანკს მოსთხოვო პასუხი, ჯაფარიძე პასუხობს:

“რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე პასუხი მოეთხოვება მათ, ვინც ეკონომიკურ პოლიტიკას განსაზღვრავს. ეროვნულ ბანკს აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა, რომელთაც თავს კარგად ვერ ართმევენ”, – გვპასუხობს ჯაფარიძე.

რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ეროვნულ ბანკს მოუწოდა, გამოეყენებინა მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დასაახლოებლად. პრემიერის თქმითვე, მთავრობა იზრუნებს ეკონომიკურ ზრდაზე, ხოლო ფასების სტაბილურობის მიმართულებით ეროვნულმა ბანკმა უნდა იმუშაოს. ოქტომბერში ინფლაცია 6.9% იყო, ხოლო მიზნობრივი ინფლაცია 3%-ია.

“დღეს ყველას კარგად გვესმის, რომ კოორდინირებულად  ეროვნულ ბანკთან ერთად უნდა უზრუნველყოთ როგორც ეკონომიკური ზრდა მთავრობის მხრიდან, ასევე, ინფლაციის ზღვრული ნორმები, რომელიც წლის დასაწყისში გვქონდა დაგეგმილი. მთავრობის მხრიდან გადავდგამთ ყველა აუცილებელ ნაბიჯს, თუმცა ეროვნულ ბანკსაც მოვუწოდებთ, გადადგას ის ნაბიჯები, რაც მისი კონპეტენციის ფარგლებშია” ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

20 ნოემბერს ეროვნული ბანკი ღიად გააკრიტიკა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემაც. მისი თქმით, მაღალი ინფლაციის პირობებში სებ-ის პოლიტიკაც შესაბამისი უნდა იყოს. პრემიერის მსგავსად, კოვზანაძესაც მიაჩნია, რომ ფასების სტაბილურობისთვის ეროვნულმა ბანკმა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს. ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის ორჯერ ზრდა და სხვადსხვა პერიოდში ინტერვენცია კოვზანაძემ “დაგვიანებულად” შეფასა.

მასალების გადაბეჭდვის წესი