ახალი ამბები

ნაცვლიშვილი: ქართული ოცნება გადაიქცა ბიზნესის მომსახურე პარტიად

26 ნოემბერი, 2019 • 2025
ნაცვლიშვილი: ქართული ოცნება გადაიქცა ბიზნესის მომსახურე პარტიად

პარლამენტარმა ბექა ნაცვლიშვილმა დღეს, 26 ნოემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე განაცხადა, რომ ერთადერთი გამოსავალი პროპორციული არჩევნებია. მან სპეკულაცია უწოდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნები „ოცნებამ“ არსებული საარჩევნო სისტემით მოიგო.

„ერთ რამეს გთხოვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, ნუ ამბობთ ხოლმე, რომ 2012 წელს აი, ამ სისტემით შეიცვალა ხელისუფლება. არ შეცვლილა ამ სისტემით, სისტემას იქ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა…. ამიტომ დაანებეთ ამით სპეკულირებას თავი.

ჩვენ იმდენი მოვახერხეთ, რომ ჩვეულებრივი ახალგაზრდები, არცერთ პარტიას რომ არ განეკუთვნებიან, მართლა გულწრფელად რომ რაღაცისთვის იბრძვიან, ის ახალგაზრდებიც კი დგანან რუსთაველზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. პრობლემა რაშია, იცით? „ნაციონალური მოძრაობა“ გახდა, სამწუხაროდ, ტრაგედია ამ ქვეყნისთვის… ეს ბავშვები პატარები არიან, არც მოსწრებიან ამას, მაგრამ პროგრესსაც ვერ მოესწრნენ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ ანახა, რომ ის არის პროგრესული პარტია და მათ დღეს აღარ ეთაკილებათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დგომა”, – თქვა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატის მოსაზრებით, შეიძლება, ამ ადამიანებისთვის საერთოდ არ ჰქონდეს მნიშვნელობა საარჩევნო სისტემას, თუმცა ისინი ითოხვენ ცვლილებებს, “უკეთეს ცხოვრებას, უკეთეს შრომის პირობებს, უკეთეს პენსიას, რომ მათი შვილები და მათი დედები არ გარბოდნენ საზღვარგარეთ და ოჯახებს არ ტოვებდნენ. ელემენტარულად, პერსპექტივას ითხოვენ, რომ აქედან არ გაიქცნენ.”

“პროპორციული სისტემა, იცით, რატომაა გამოსავალი? იმიტომ, რომ მაჟორიტარული სისტემის დროს, რა თქმა უნდა, ეს ორი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, რომელთა უკანაც დგას ყველაზე დიდი კაპიტალი და ფინანსები, მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე გაურიგდებიან ისევ დიდ ბიზნესს, ისინი დააფინანსებენ არჩევნებს და ამ სისტემის შედეგად ანგარიშვალდებული არცერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც აქ მოხვდება, აღარ იქნება ხალხის წინაშე, არამედ ანგარიშვალდებულნი იქნებიან იმ ბიზნესის წინაშე, რომელიც მათ მხარში დაუდგება. შესაბამისად, არანაირი ცვლილება ქვეყანაში არ განხორციელდება”, – ამბობს ნაცვლიშვილი და დასძენს, რომ არანაირი ცვლილება, რომელიც ფუნდამენტურად შეცვლიდა ადამიანების მდგომარეობას, არ ხორციელდება და არ განხორციელებულა პარლამენტში.

დეპუტატის მოსაზრებით, “ყველაფერს წინაღობა აქვს, იმიტომ, რომ თითქოს ეს შეაშინებს ბიზნესს, დააფრთხობს… პრობლემა რაშია, იცით? „ქართული ოცნება“ გადაიქცა ბიზნესის მომსახურე პარტიად. და დიდი ფული ორი პარტიის უკან, ვის რაში სჭირდება ამ პროცესში პროგრესი?! პროპორციული არჩევნები ხომ ამ სისტემას დაანგრევდა და გააჩენდა შესაძლებლობას სხვა, პროგრესულ პარტიებისთვის, რომ შემოსულიყვნენ აქ და მართლაც ხალხზე ეზრუნათ.”

მაჟორიტარმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა, სოციალ-დემოკრატიული პარტია და ფრაქცია ჯერ კიდევ 2019 წლის თებერვალში დატოვა. ორი დღის წინ, 24 ნოემბერს, მან საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბების შესახებ განაცხადა. ნაცვლიშვილი 2020 წლის არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ითხოვს.

საშემოდგომო სესიას დღეს, 26 ნოემბერს, 87 დეპუტატი ესწრება. მათ შორის არ არიან ოპოზიციური პარტიები.


2019 წლის ნოემბერში საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი “ქართული ოცნების” დაპირების შეუსრულებლობა გახდა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ეს კანონპროპროექტი პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო. ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით ითხოვს. ხელისუფლება ამბობს, რომ პროტესტის მიუხედავად, ისინი დათმობას და სხვა ცვლილებას საარჩევნო სისტემაში არ გეგმავენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი