ახალი ამბები

საგანგებო მნიშვნელობა შეიძინა უმრავლესობის შენარჩუნებამ – ვოლსკი პროპორციულის ჩაგდებაზე

26 ნოემბერი, 2019 • 2366
საგანგებო მნიშვნელობა შეიძინა უმრავლესობის შენარჩუნებამ – ვოლსკი პროპორციულის ჩაგდებაზე

დღეს, 26 ნოემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ ეჭვი გაუჩნდა და დაეთანხმა კიდეც „კოლეგებისა და მეგობრების“ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ოპოზიციურ ძალებთან კოალიციური პასუხისმგებლობის აღება ქვეყნის სტაბილურობას დააზიანებდა.

„მთავარი შეკითხვა, რომელიც წარმოიშვა და რომელზეც პასუხი არ გვაქვს. როგორც კი „ქართულმა ოცნებამ“ 24 ივნისს გამოაცხადა იმის თაობაზე, რომ პროპორციული არჩევნები არის ის საწყისი, რაზეც შეიძლება აიგოს კონსენსუსი, მიუხედავად დაპირისპირებისა, და კოალიციური პასუხისმგებლობის წინაპირობა შეიქმნა სტაბილურობისათვის, იმ დღიდანვე მოყოლებული არცერთი დღე არ ყოფილა დესტრუქციული ქმედებების და დესტრუქციული განცხადებების გარეშე. ამ დესტრუქციის კულმინაცია მოხდა მაშინ, როცა ჩვენ ვიხილავდით მათ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით.

ყველამ იცოდა, რომ ამის შემდეგ უნდა განხილულიყო პროექტი, რომელსაც წარმოადგენდა უმრავლესობა. აი, მაშინ, არათუ ეჭვი გამიჩნდა, არამედ მნიშვნელოვანწილად დავეთანხმე იმ კოლეგებს და მეგობრებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ამ ადამიანებთან, ამ პოლიტიკურ ძალებთან კოალიციური პასუხისმგებლობის აღება სტაბილურობაზე ქვეყნისთვის იქნებოდა მნიშვნელოვნად დამაზიანებელი.

მე არ ვამბობ, რომ გადავდექი ჩემი მოსაზრებიდან. პროპორციული არჩევნები, ვფიქრობ, მაინც გამოსავალია ქვეყნისათვის, მაგრამ საგანგებო მნიშვნელობა შეიძინა უმრავლესობის შენარჩუნებამ, რომ ქვეყანა არ წასულიყო დაშლისაკენ და არ შექმნილიყო ის კრიზისი, რომელსაც ესოდენ უნდა ვერიდოთ”, – თქვა ვოლსკიმ.

დეპუტატის თქმით, პარლამენტში შესვლისას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, უქმნის თუ არა უხერხულობას ის გარემოება, რომ საკანონმდებლო ორგანო პოლიციითაა გარშემორტყმული.

“რასაკვირველია, ეს უხერხულობა არსებობს. მაგრამ ეს უხერხულობა არის ძალიან მცირე, ნამცეცი, იმ უხერხულობასთან, რომელიც შეიძლება სახელწიფოს შეექმნას, თუ ი მუშაობას არ გავაგრძელებთ ჩვენ და სახელწიფო სტრუქტურები”, – აღნიშნა დეპუტატმა.

საშემოდგომო სესიას დღეს 87 დეპუტატი ესწრება. მათ შორის არ არიან ოპოზიციური პარტიები.

პოლიციამ აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან 26 ნოემბერს, დილის 5 საათზე დაშალა. შსს-ს ცნობით კი, 28 ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. დაშავდა 5 ადამიანი.

ოპოზიცია აცხადებს, რომ სხვა დროსაც შეეცდება პარლამენტის პიკეტირებას და ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნას.


2019 წლის ნოემბერში საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი “ქართული ოცნების” დაპირების შეუსრულებლობა გახდა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ეს კანონპროპროექტი პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო. ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით ითხოვს. ხელისუფლება ამბობს, რომ პროტესტის მიუხედავად, ისინი დათმობას და სხვა ცვლილებას საარჩევნო სისტემაში არ გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი