ახალი ამბები

“წალამზე დაგვიჭირეს” – გიგა ბოკერია გათავისუფლების შემდეგ

26 ნოემბერი, 2019 • 2337
“წალამზე დაგვიჭირეს” – გიგა ბოკერია გათავისუფლების შემდეგ

პარლამენტის სიახლოვეს დაკავებული გიგა ბოკერია ამბობს, რომ პოლიციამ გზიდან გაათავისუფლა.

“უბრალოდ განგარიდეთ სახიფათო ვითარებასო და მანქანიდან ჩამოგვსვეს”, – აცხადებს ბოკერია მთავართან ჩართვაში. ის ამბობს, რომ მეორე დეპუტატ თენგიზ გუნავასთან ერთად “წალამზე დაიჭირეს”.

“როგორც ჩანს ამოცანა არის, რომ ხალხი ვერ უნდა გათბეს. თავიდან აგვიხსნეს, პოლიციის კანონი მოიშველიეს, რომ საშიში ნივთი არის შეშაო. ჩვენ დავემორჩილეთ შეშის ნაწილში და მოვიტანეთ წალამი, რომლის სროლაც შეუძლებელია, რომ ვინმე დააზიანო. დაგვხვდა კრიმინალური პოლიციის დიდი რაზმი, ძალიან აგრესიულად იყვნენ განწყობილი, ერთ-ერთმა სცადა, რომ დეპუტატებს ფიზიკურად შეხებოდა”, – აცხადებს ბოკერია.

მისივე თქმით, გათავისუფლებულია მეორე დეპუტატი თენგიზ გუნავაც.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიცია ადგილზე შეშის შეტანის საშუალებას არ აძლევს. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი არის აქციების ციკლის, „სირცხვილიას“ ერთ-ერთ ორგანიზატორი სალომე ბარკერი, რომელსაც პოლიციელებმა 5 ნაჭერი შეშა წაართვეს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შსს-ს, სადაც გვითხრეს, რომ პოლიცია მოქმედებს პოლიციის შესახებ და შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონების მიხედვით. თუმცა, უწყება განცხადებაში არ აკონკრეტებს, კონრეტულად რომელ მუხლს ან/და ნორმას არღვევს პარლამენტის წინ შეშის მიტანა.

მომიტინგეებისთვის შეშის წართმევას უკანონობად აფასებს სახალხო დამცველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი