ახალი ამბები

პოლიცია შეშის ჩამორთმევით მანიფესტაციის უფლებას უკანონოდ ზღუდავს – ომბუდსმენი

26 ნოემბერი, 2019 • 2584
პოლიცია შეშის ჩამორთმევით მანიფესტაციის უფლებას უკანონოდ ზღუდავს – ომბუდსმენი

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიცია ადგილზე შეშის შეტანის საშუალებას არ აძლევს. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი არის აქციების ციკლის, „სირცხვილიას“ ერთ-ერთ ორგანიზატორი სალომე ბარკერი, რომელსაც პოლიციელებმა 5 ნაჭერი შეშა წაართვეს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შსს-ს, სადაც გვითხრეს, რომ პოლიცია მოქმედებს პოლიციის შესახებ და შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონების მიხედვით. თუმცა უწყება განცხადებაში არ აკონკრეტებს, კონრეტულად რომელ მუხლს ან/და ნორმას არღვევს პარლამენტის წინ შეშის მიტანა.

ამ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც, რომელმაც თქვა, რომ პოლიციის ამგვარი ქმედება მოქალაქეების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას ზღუდავს.

“შეშისა და კასრების ჩამორთმევასთან დაკავშირებით დავწერ, რომ:

შეკრების მშვიდობიანი ხასიათის უზრუნველსაყოფად, ზოგადად, კანონმდებლობით აკრძალულია ადვილად ფეთქებადი, აალებადი ნივთიერებების ან/და ისეთი საგნების ფლობა, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ვინმეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ზიანის მიყენების მიზნით.

აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტიციო სასამართლომ ჯერ კიდევ 2014 წელს განმარტა, რომ კანონი არა კონკრეტული ნივთების ან ნივთიერებების გამოყენებას კრძალავს, არამედ ისეთ შემთხვევებს, როდესაც შეკრების მონაწილეთა ქმედებები ქმნიან საფუძვლიან ეჭვს, რომ ამ ნივთების ადამიანთა დასაზიანებლად გამოყენება მოხდება.

შესაბამისად, შეშის თუ სხვა რაიმე ნივთის შეკრება-მანიფესტაციაზე მიტანა მხოლოდ მაშინ შეიძლება შეიზღუდოს პოლიციის მხრიდან, თუ მათ აქვთ დასაბუთებული და გონივრული ვარაუდი, რომ არსებობს რეალური და მყისიერი საფრთე, რომ შეშის და კასრების გამოყენება მოხდება სხვისი ჯანმრთელობის ზიანის მიყენების მიზნით (წინარე პრაქტიკის ან მანიფესტანტების ქცევის გათვალისწინებით)

ვინაიდან ჩვენ არ მოგვისმენია პოლიციელთა განმარტება, თუ რატომ ართმევენ მომიტინგეებს აღნიშნულ ნივთებს, მიგვაჩნია, რომ პოლიციის ქმედებები წარმოადგენს შეკრება-მანიფესტაციების უფლების უკანონო შეზღუდვას“, – წერს ლომჯარია.

ამავე თემაზე:

პოლიციამ სალომე ბარკერს 5 ნაჭერი შეშა წაართვა

მასალების გადაბეჭდვის წესი