ახალი ამბები

”მწვანეების” საპროტესტო მსვლელობა EBRD-ის შეხვედრების კვალდაკვალ [ფოტო]

14 მაისი, 2015 • 1734
”მწვანეების” საპროტესტო მსვლელობა EBRD-ის შეხვედრების კვალდაკვალ [ფოტო]

აქციის მონაწილეები რუსთაველის თეატრის წინ დღეს დილიდან შეიკრიბნენ და EBRD-ის კონფერენციის კვალდაკვალ, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემდე გააგრძელეს საპროტესტო მსვლელობა. EBRD-ის, როგორც დიდი ჰესების დამფინანსებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ისინი ბანერებითა და შეძახილებით დახვდნენ. აქციაში მონაწილეობდა ერევნიდან ჩამოსული ერთი აქტივისტიც, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ სომხეთში ოქროს მაღაროს დაფინანსების საკითხს აპროტესტებდა.

 

ფოტო: ”მწვანე მუშტი”
ფოტო: ”მწვანე მუშტი”

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოში სამი დიდი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი დააფინანსა: 87 მგვტ ფარავანი ჰესი, 109 მგვტ დარიალი ჰესი და 185 მგვტ შუახევიჰესი.

”მწვანე მუშტის” წევრის, ხატია მაღლაფერიძის თქმით, დღევანდელი აქციის მთავარი მიზანი იყო ის, რომ პირდაპირ მიემართათ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის და გაეპროტესტებინათ საქართველოში ჰესების პოლიტიკა:

”გუშინწინ ცნობილი გახდა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა შეიძლება დააფინანსოს კიდევ ერთი – ნენსკრა ჰესი. ამ პროექტის განხორციელება სვანეთში (ჭუბერში) იგეგმება და ძალიან ახლოს არის ხუდონ ჰესის საპროექტო არეალთან. ჩვენ, ”მწვანე მუშტი” დაუშვებლად მივიჩნევთ ასეთ მჭიდრო მასშტაბზე ამდენი ჰესის განხორციელებას. საერთოდ, სვანეთში 30-მდე ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი. შევეცადეთ პირდაპირი მესიჯები გაგვეჟღერებინა და მიგვემართა არა ჩვენი ხელისუფლებისთვის, არამედ პირდაპირ საინვესტიციო ფონდისთვის, რომ შეწყვიტოს საქართველოში ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც აზიანებს, როგორც ეკოსისტემას, ასევე, დარიალის შემთხვევაში, მშენებლობისას ღვარცოფის შედეგად გარდაიცვალა 10 ადამიანი.”

აქციის მიმდინარეობისას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები სტუდენტური მოძრაობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს შეხვდნენ. აქციის მონაწილეებმა განხილვაზე დასწრების შემოთავაზება მიიღეს და ამ დრომდე კონფერენციაზე იმყოფებიან.

”გადაგვიღეს და ჩაგვწერეს უცხოელმა ჟურნალისტებმა. ვერ ვიტყვით, რომ ეს შეხვედრა და დაინტერესება რაღაც შედეგს მოიტანს, იმიტომ, რომ ძნელია პროტესტით რეალური შედეგის მიღება. მაგრამ თუ იქნება პერმანენტული აქციები, დარწმუნებულები ვართ, რომ რაღაც შედეგზე გავალთ,” – ამბობს მაღლაფერიძე.

სტუდენტური მოძრაობის წევრები ივნისის თვეში ფართომასშტაბიანი აქციის განხორციელებას გეგმავენ, რომლითაც ისინი საერთოდ ჰესების პოლიტიკას გააპროტესტებენ საქართველოში. ხატია მაღლაფერიძის თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია საზოგადოების გააქტიურება, თუმცა ჯერჯერობით ეს მუხტი არ იგრძნობა:

”სამწუხაროდ, საზოგადოება ჯერჯერობით მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში დგება საპროტესტოდ. რაღაც უბედურების ზღვარს ელოდებიან. რაც გვახსოვს, ყველაზე დიდი აქციები, თუნდაც საყდრისის შემთხვევაში, მაშინ მოეწყო, შედარებით, როდესაც საყდრისი უკვე ააფეთქეს. ამის შემდეგ მიიღო ადამიანების უმრავლესობამ მსვლელობებში მონაწილეობა და შემოგვიერთდნენ ის ორგანიზაციებიც, რომლებიც მანამდე გაჩუმებული იყვნენ. დღევანდელ აქციაზეც გამვლელებს დიდი ინტერესი ჰქონდათ, რაღაც კითხვები ჰქონდათ, მაგრამ რატომღაც ჯერ კიდევ არ მიაჩნიათ პირად აუცილებლობად ამის გაპროტესტება.”

2015 წლის 14-15 მაისს თბილისში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი იმართება, რომელსაც ესწრებიან ბანკის მენეჯმენტის მთლიანი შემადგენლობა და აღმსარულებელი დირექტორატი, ასევე 60-მდე ქვეყნის ოფიციალური პირი, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი EBRD-ი 1991 წელს დაარსდა. ბანკი იყენებს საინვესტიციო ინსტრუმენტებს, რათა ცენტრალური ევროპისა და აზიის 30 ქვეყანაში შეიქმნას საბაზრო ეკონომიკა და განვითარდეს დემოკრატია. EBRD-ი გასცემს სესხებს, გარანტიებს, სალიზინგო ობიექტებისა და სავაჭრო დაფინანსებას.

 

EBRD-მა საქართველოში 2014 წლის 31 დეკემბრამდე 175 პროექტი დააფინანსა და 2,291 მლნ ევრო დახარჯა. ამ თანხიდან 49%- ენერგოსექტორზე, 37%- საფინანსო ინსტიტუტებზე, 12%- ინდუსტრიასა და აგრობიზნესზე, ხოლო 2% ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯა.

”მწვანე მუშტის” ფოტოები დღევანდელი აქციიდან:

ფოტო: ”მწვანე მუშტი”

ფოტო: ”მწვანე მუშტი”

ფოტო: ”მწვანე მუშტი”

ფოტო: ”მწვანე მუშტი”

ფოტო: ”მწვანე მუშტი”

მასალების გადაბეჭდვის წესი