ახალი ამბები

საშუალება, დრო გაიყვანონ და სიტუაცია განმუხტონ – დოლიძე ზოიძის ინიციატივაზე

22 ნოემბერი, 2019 • 1446
საშუალება, დრო გაიყვანონ და სიტუაცია განმუხტონ – დოლიძე ზოიძის ინიციატივაზე

იუსტიციის უმაღლესო საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აკრიტიკებს პარლამენტარ კაკი ზოიძის წინადადებას, „ქართულმა ოცნებამ“ რეფერენდუმი ან პლებისციტი ჩაატაროს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით და ამას უწოდებს „საშუალებას, გაიყვანონ დრო პროცედურებში და ამასობაში სიტუაცია განმუხტონ“.

22 ნოემბრის საღამოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის ხელმძღღვანელმა კაკი ზოიძემ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, ჩაატარონ რეფერენდუმი ან პლებისციტი, რათა მოხერხდეს, რომ პროპორციული არჩევნები 2020 წელსვე ჩატარდეს.

ანა დოლიძე ამ ინიციატივას ფეისბუკზე ასე გამოეხმაურა:

  1. „პლებისციტს არ აქვს სავალდებულო ძალა და მისი შედეგები სარეკომენდაციო ხასიათისაა; თუ საჯარო დაპირება გადათქვა ოცნებამ, ამასვე იზამს პლებისციტის შედეგებზე“.
  2. „რეფერენდუმი ვერ მოეწყობა კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, მათ შორის კონსტიტუციური კანონის. ანუ რა ხდება? მან არ იმეცადინა, თუ მიზეზს ეძებს ოცნებიდან გასასვლელად?!
  3. მორალურად გაკოტრებული ხელისუფლებისგან ახლა დაპირება, რომ პლებისციტის შედეგებს გაიზიარებს, იქნება სასაცილო. ეს იქნება საშუალება, რომ გაიყვანონ დრო პროცედურებში და განმუხტონ სიტუაცია ამასობაში“.

უმრავლესობის წარმომადგენელმა, პარლამენტარმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გუნდი იმსჯელებს ზოიძის ამ ინიციატივაზე: „დღეს მე საბოლოოდ პასუხს გადაჭრით ვერ გაგცემთ. ამის შესახებ მომდევნო დღეების განმავლობაში ვიმსჯელებთ გუნდში და ამის შემდეგ შევაჯერებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – თქვა მან.

გაიგეთ მეტი

ზოიძე უმრავლესობაში რჩება და პროპორციულზე პლებისციტის ჩატარებას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი