„გუშინ დილით არჩილ თალაკვაძე იყო თავის სამუშაო ოთახში და დღეს დილითაც არჩილ თალაკვაძე იყო თავის სამუშაო ოთახში“, — ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ცნობას, რომლის თანახმადაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იტალიაში, კომოს ტბაზე იმყოფებოდა გასართობად.
„მთავარი არხის“, „ტვ პირველისა“ და „ფორმულის“ ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დეპუტატები ილია წულაია და ბექა ოდიშარია, 30-მდე მეგობართან ერთად, იტალიაში ძვირადღირებულ კურორტზე, კომოს ტბაზე, ბიზნესმენ გიორგი ბარვენაშვილის წვეულებაზე იმყოფებოდნენ.
არჩილ თალაკვაძემ ამაზე კომენტარი გააკეთა და თქვა: „დღეს დილიდან, როგორც ყოველთვის, ვარ საქართველოს პარლამენტში, ჩემს სამუშაო ოფისში და ჩვეულებრივ ვაგრძელებ საქმიანობას“. დღეს საღამოს იგივე გაიმეორა მამუკა მდინარაძემაც:
„ჩემთვის გასაკვირი იყო აჟიოტაჟი იმის შესახებ, რომ არჩილ თალაკვაძე ნახევარი დღე თურმე არ იყო თავის სამუშაო ოთახში და შემდეგ სპეკულაციები რაღაც კომოს ტბასთან დაკავშირებით. გუშინ დილით არჩილ თალაკვაძე იყო თავის სამუშაო ოთახში და დღეს დილითაც არჩილ თალაკვაძე იყო თავის სამუშაო ოთახში. ახლა, ნახევარი დღის განმავლობაში ადამიანი, თუნდაც პირად საქმეზე, სად წავა, მე მგონია, რომ ეს მედიის სასიუჟეტო განსჯის საგანი არ უნდა იყოს და ამას სპეკულაციები არ უნდა მოჰყვეს“.
მდინარაძემ განაცხადა, რომ თალაკვაძეს „არ უარყვია რაიმე კონკრეტული დეტალები“ და ასევე „არ უთქვამს, რომ არსად არ ყოფილა“.
„მე მგონი, ჩვენ ცივილიზებულ მსოფლიოსგან და დემოკრატიული სამყაროსგან განსხვავებით, პოზიტიურ კონტექსტში, დემოკრატიის უპრეცედენტო ხარისხს მივაღწიეთ, რომ ნახევარი დღით ადამიანის პირად საკითხზე გასვლა, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, გახდა მთელი მედიის განსჯის საკითხი. ნახევარი დღით პირად საქმეზე გასვლა, თუნდაც ქვეყნის გარეთ ან შიგნით, არ მგონია, პრობლემა იყოს. თუ ამაზე ვთხოვთ პასუხს, მაშინ ჩვენ ცოტა სხვა პრობლემები გვქონია“, — განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
გაიგეთ მეტი
სად იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე? – თალაკვაძეს ბილეთის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებენ