ახალი ამბები

სად იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე? – თალაკვაძეს ბილეთის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებენ

22 ნოემბერი, 2019 • 2720
სად იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე? – თალაკვაძეს ბილეთის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებენ

“მთავარი არხის”, “ტვ პირველის” და “ფორმულის” ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დეპუტატები: ილია წულაია და ბექა ოდიშარია, 30-მდე მეგობართან ერთად, ძვირადღირებულ იტალიურ კურორტზე, კომოს ტბაზე, ბიზნესმენ გიორგი ბარვენაშვილის წვეულებაზე იმყოფებოდნენ.

“მთავარი არხის” მტკიცებით, მას შემდეგ, რაც კახა კალაძის ადგილსამყოფელის შესახებ 21 ნოემბერს მერიას კითხვით მიმართეს, მერიამ გაავრცელა პრესრელიზი, რომ კახა კალაძე იტალიის ქალაქ რეჯიო ემილიაში იმყოფება შეკვეთილი ნაძვისხისა და განათებების დამზადების ბოლო ეტაპის გასაცნობად.

ინფორმაცია პარლამენტის წევრების იტალიაში ვიზიტის შესახებ თავდაპირველად გაავრცელა სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელმა.

ტელევიზიების გადამღებ ჯგუფებს გუშინ, 21 ნოემბერს, პარლამენტის თავმჯდომარის აპარატში არ გასცეს პასუხი, სად იმყოფებოდა არჩილ თალაკვაძე. დღეს დილით კი არჩილ თალაკვაძემ Facebook live-ში საკუთარ კაბინეტიდან ჩაერთო იმის დასტურად, რომ დასასვენებლად არ იმყოფება.

“გუშინ საღამოს ორმა სატელევიზიო არხმა გაავრცელა უკიდურესად პოლიტიზებული და მიკერძოებული სიუჟეტი, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ თითქოს ახლა მე დასასვენებლად ვიმყოფები კომოს ტბაზე, იტალიაში. სინამდვილეში, როგორც ხედავთ, მე ახლა ვარ საქართველოს პარლამენტში, ჩემს სამუშაო ოთახში და მაქვს ჩვეულებრივი სამუშაო დღე”, – აცხადებს თალაკვაძე ვიდეომიმართვაში.

მოგვიანებით, არჩილ თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა მედიასთანაც და თქვა: “დღეს დილიდან, როგორც ყოველთვის, ვარ საქართველოს პარლამენტში, ჩემს სამუშაო ოფისში და ჩვეულებრივ ვაგრძელებ საქმიანობას”. ამასთან, თალაკვაძემ არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, იცნობს თუ არა ბიზნესმენ გიორგი ბარვენაშვილს და კვირას დაგეგმილის ნაცვლად, მოუწია თუ არა საქართველოში დროზე ადრე დაბრუნება.

“ფორმულასთან” და “მთავარ არხთან” შესათანხმებელი არცერთ ჩვენგანს არ აქვს, ვინ არიან ჩვენი მეგობრები, ჩვენს პირად ცხოვრებას როგორ დავგეგმავთ, სად წავალთ და სად მოვალთ, მაგრამ მე მაინც დღეს საჭიროდ ჩავთვალე, ამ დეზინფორმაციაზე პასუხები გამეცა. თქვენი მტკიცებით, მე ახლა ვიმყოფები კომოს ტბაზე დასასვენებლად, მაგრამ ჩვენი მოქალაქეები ხედავენ, რომ სინამდვილეში ვარ პარლამენტში, ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში”, – განაცხადა თალაკვაძემ.

“ევროპული საქართველოს” წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, არჩილ თალაკვაძემ გუშინ მასთან და გიგი წერეთელთან ერთად იმგზავრა სტამბოლი-თბილისის რეისით.

“ბატონი არჩილ თალაკვაძე დილიდან გვიმტკიცებს, არანაირ კომოს ტბაზე არ წავსულვარ და ცილს მწამებსო სრულიად მედია. რადგან ჩვენმა პატივცემულმა თავმჯდომარემ თავდაჯერებულობის დემონსტრირება ასეთ აღმატებულ და საზეიმო ტონში გადაწყვიტა, მინდა მას კითხვით მივმართო: ბატონო არჩილ, წუხელ, შემთხვევით, ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად სტამბოლიდან ერთი რეისით ხომ არ ჩამოფრინდით? მე და გიგი წერეთელი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობიდან დავბრუნდით და თქვენ სად ბრძანდებოდით, ხომ ვერ გაგვიმხელთ? რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ, თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, „უკიდურეს მიკერძოებაში“ ამხილოთ”, – წერს გიორგი კანდელაკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი