ახალი ამბები

ენმ-ის წევრი ჯელალ ქიქავა “ოცნების” დეპუტატ ვახტანგაძეს ცემაში ადანაშაულებს

22 ნოემბერი, 2019 • 1085
ენმ-ის წევრი ჯელალ ქიქავა “ოცნების” დეპუტატ ვახტანგაძეს ცემაში ადანაშაულებს

“ბათუმის მერიაში შევდიოდი ჩემს საქმეზე, მოვარდა მუხრან ვახტანგაძე და მითხრა, რა გინდა შენ აქ, რატომ მოდიო… მაგინა და მცემა, მერე ისევ ის ბიჭები დამესიენ, რომლებთანაც კონფლიქტი ადრე მქონდა,” – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ჯელალ ქიქავა. მისი თქმით, ამ კონფლიქტის თვითმხილველი დაცვის პოლიციის თანამშრომლები არიან.

ჯელალ ქიქავას თქმით, გამოძიება უკვე დაიწყო და ის ამჟამად აჭარის პოლიციის მთავარ განყოფილებაში მიიყვანეს გამოსაკითხად. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე “ბათუმელებს” უთხრეს, რომელი მუხლით არის დაწყებული გამოძიება.

თავად მუხრან ვახტანგაძემ “ბათუმელების” სატლეფონო ზარს არ უპასუხა, იგი ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატია პარლამენტში და ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში.

ჯელალ ქიქავამ მუხრან ვახტანგაძის წინააღმდეგ განცხადება 24 მარტსაც გააკეთა. მაშინ ჯელალ ქიქავა ამბობდა, რომ მუხრან ვახტანგაძის დავალებით იგი აეროპორტის გზატკეცილზე სპოსრტემენებმა სცემეს. ჯელალ ქიქავას თქმით, სასმართლომ ამ საქმეზე დაკავებულ პირებს ჯარიმა შეუფარდა 3 ათასი ლარი და პირობითი მსჯავრი.

მუხრან ვახტანგაძე მუქარაში დაადანაშაულა მოქალაქე მერაბ ღოღობერიძემ. მან ფეისბუქში ვიდეო გაავრცელა, სადაც დეპუტატი მოქალაქეს აგინებს და ემუქრება. ეს კონფლიქტი პარლამენტის დეპუტატს არ უარყვია. ამ საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

მუხრან ვახტანგაძე ბათუმის მერიის შესასვლელთან დღეს დილიდან იმყოფებოდა. როგორც გაირკვა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მერიის თანამშრომლები მოატყუეს და უთხრეს, რომ ბოქლომის დადებას მერიის შესასვლელისთვისაც აპირებდნენ. მერიასთან მობილიზებულ პოლიციელებთან ერთად გამოჩნდა მუხრანბ ვახტანგაძეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი