კატეგორიის გარეშე •

როგორ ცხოვრობენ პატიმრები ქართულ ციხეებში

22 ნოემბერი, 2019 • 3370
როგორ ცხოვრობენ პატიმრები ქართულ ციხეებში

პატიმრობის მიზანი მსჯავრდებულთა გათავისუფლებისთვის მზადება და რეაბილიტაციაა, ამ პროცესში კი დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურას – სამედიცინო დაწესებულებებს, სათამაშო მოედნებსა და ბიბლიოთეკებს, ასევე, საცხოვრებელ პირობებს საკნებსა და ზოგადად, საპატიმროებში.

პატიმართა საცხოვრებელი პირობების ზოგადი სურათი ქართულ ციხეებში

 

მოუხერხებელი გარემო, გადატვირთული სივრცე და სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემები ლახავს პატიმრების ღირსებას, ქმნის დაძაბულ გარემოს, რაც უკვე კარგად გააცნობიერეს განვითარებული ქვეყნების პენიტენციურმა სისტემებმა და ასეთი ქვეყნების საპატიმროებში საკნები მაქსიმალურად მიმსგავსებულია სახლის საცხოვრებელ პირობებს.

2018 წლის კვლევა ,,საყოფაცხოვრებო პირობები პენიტენციურ სისტემაში“ გვაჩვენებს ქართული ციხეების სურათს, თუ როგორ პირობებში უწევთ პატიმრებს სასჯელის მოხდა.

2014-2017 წლებში  სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით, საქართველოს საპატიმროებში  ბევრ ინფრასტრუქტურულ პრობლემაზე იყო მინიშნება, პრობლემების ნაწილი მოგვარდა, გამოწვევების დიდი ნაწილი კვლავ აქტუალურია.

ზემოთ ხსენებული კვლევის მიხედვით, 2018 წელს, კვლევის მიმდინარეობისას, საკნები, მაგალითად, არ ნიავდებოდა  და იყო დაწესებულებები, სადაც საპირფარეშოს სუნი საკნებამდე აღწევდა. ასევე არ იყო ბევრგან საკმარისი განათება და ვენტილაცია.

  • საპატიმროებში ძირითადად ბარაკული ტიპის საცხოვრებლებია, სადაც მწეველი და არამწეველი პატიმრები ერთ სივრცეში ცხოვრობენ.
  • პრობლემაა მინიმალური საცხოვრებელი ფართობი, რომელიც საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრულია, მაგრამ პრაქტიკულად ყველგან უზრუნველყოფილი არ არის.
  • კვლევაში მოცემული რეკომენდაციის მიხედვით, აუცილებელია სისტემის მცირე დაწესებულებებად დაყოფა, სადაც უფრო მარტივი იქნება ინფრასტრუქტურული სტრატეგიის განსაზღვრაც და სარეაბილიტაციო პროგრამების პრაქტიკული განხორციელებაც.
  • განსაკუთრებით გადატვირთულია N15 დაწესებულება და პრობლემის მოსაგვარებლად კარგი იქნებოდა მსჯავრდებულების გადაყვანა სხვა ნახევრად ღია დაწესებულებაში. რაც შეეხება ბარაკის ტიპის საცხოვრებლებს, საკნების ეს ფორმა საერთოდ გასაუქმებელია რეკომენდაციის მიხედვით.
  • მნიშვნელოვანია ასევე სასეირნო ეზოების მოუწესრიგებლობა და მოუხერხებლობა საპატიმროებში. გასათვალისწინებლია, რომ, ეზო ერთადერთი ადგილია, სადაც პატიმრებს გარესამყაროსთან აქვთ შეხება, შესაბამისად, ეს ადგილი განტვირთვისთვის მოსახერხებელი უნდა იყოს.

 

დიდ დაწესებულებებში დაუცველია სანიტარული ნორმები და საცხოვრებლად მძიმე პირობებია

ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონული დირექტორი ცირა ჭანტურია „ნეტგაზეთთან“ საპატიმრო დაწესებულებების მდგომარეობაზე საუბრობს, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა, დიდი ციხეების კონცეფციითაა მოწყობილი და აღნიშნავს, რომ მიუხედავად  სირთულეებისა დიდ დაწესებულებებში, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ცვლილებებიც მოხდა. კერძოდ, გარემონტდა არაერთი დაწესებულება და ძველი ციხის ნაცვლად გაიხსნა ახალი. მაგალითისთვის, მეშვიდე დაწესებულება წინამორბედისგან სრულიად განსხვავებულია, პატიმრების საჭიროებებზე მორგებული და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული.

„ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პრობლემური საპატიმრო ქსნის მე-15 დაწესებულებაა. ამ ბარაკული, ნახევრად ღია ტიპის საპატიმროში პატიმრები მთელი დღე ერთად არიან. ქსანში მინიმუმ 2000 პატიმარია ერთად, ძირფესვიანად საჭიროებს გადაკეთებას, რომ მართვაც იოლი იყოს და საცხოვრებელი პირობები ასატანი გახდეს.

სანიტარული ნორმებიც დიდ დაწესებულებებშია ყველაზე დაუცველი. მაგალითად, გლდანში, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით მკბენარები ბინადრობდნენ.

მე-17 დაწესებულებაც საკმაოდ ძველი და დიდია – საერთაშორისო სტანდარტისგან საკმაოდ შორსაა აქაური საცხოვრებელი პირობები. ქსნის ციხეში საკნებს ნაკლებად შეიძლება ვუწოდოთ პატიმრების საცხოვრებლები, ეს არის უფრო საცხოვრებელი სადგომი, სადაც ბევრი პატიმარია ერთად თავმოყრილი. ცხადია, ასეთ გარემოში ძალადობის და ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკიც დიდია“, – ამბობს ცირა ჭანტურია.

საერთაშორისო სტანდარტი – ციხის საკანი მაქსიმალურად უნდა ჰგავდეს სახლის საცხოვრებელ გარემოს

საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, პატიმრები უნდა განთავსდნენ იმ საპატიმროებში, რომლებიც მათ საცხოვრებელ სახლთან და სარეაბილიტაციო გარემოსთან ყველაზე ახლოსაა. საძინებელი, ეზო, ზოგადი საყოფაცხოვრებო პირობები უნდა იყოს ისეთი, რომ არ ლახავდეს მსჯავრდებულთა პატივსა და ღირსებას, კერძოდ: პატიმრებს უნდა ჰქონდეთ შხაპის მიღების შესაძლებლობა ყოველდღიურად, საპირფარეშოებსა და აბაზანებში უნდა შეეძლოთ განმარტოება. საძინებლებში პატიმრები უნდა განთავსდნენ მარტო და ჰქონდეთ კანონით გათვალისწინებული საკუთარი საცხოვრებელი სივრცე. ციხის საკანი მაქსიმალურად უნდა ჰგავდეს სახლის საცხოვრებელ გარემოს.

საძინებელში რამდენიმე პატიმრის მოთავსება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მათთანაა შეთანხმებული. საკნებს უნდა ჰქონდეს გონივრული ზომის ფანჯრები, რის საშუალებითაც უნდა იყოს შესაძლებელი დღისით ბუნებრივი განათების ფონზე წერა და მუშაობა, ღამით კი უზრუნველყოფილი უნდა იყოს კარგი განათება.

ციხე უნდა მარაგდებოდეს ჰიგიენური საშუალებებით და პატიმრების საწოლი, სამოსი, გარემო სუფთად უნდა იყოს შენარჩუნებული.

როგორც ცირა ჭანტურია აღნიშნავს, ქართულ ციხეებში პატიმრებს სტანდარტის მიხედვით ურიგებენ თავის მოვლის ჰიგიენურ საშუალებებს, თუმცა ამას ერთჯერადი ხასიათი აქვს – როცა ციხე იღებს ახალ პატიმარს, მას ერთხელ აძლევენ კუთვნილ სუფთა თეთრეულს, კბილის ჯაგრისს, პასტასა და ა.შ. მაგრამ მხოლოდ ერთჯერადად, რაც მათ, ცხადია, არ ჰყოფნით პატიმრობის მთელი დროის განმავლობაში. პატიმრებს უწევთ, ახლობლებს გამოაგზავნინონ ჰიგიენური საშუალებები, ან იყიდონ დაწესებულების მაღაზიებში, რისი საშუალებაც ყველას არ აქვს.

ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია საყოფაცხოვრებო პირობები და სხვა ასპექტები მოარგოს ფიზიკური, ფსიქიკური ან სხვა სახის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს, რათა უზრუნველყოს მათი სრული, ეფექტური და თანაბარი წვდომა ციხის ცხოვრებაზე. ქართულ ციხეებში კი გარემო შშმ პირებზე ადაპტირებული საერთოდ არ არის, რაც ასეთი პატიმრების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

საერთაშორისო სტანდარტით ქალი პატიმრების განთავსების ადგილს უნდა ჰქონდეს შესაბამისი საშუალებები და ნივთები, რაც დააკმაყოფილებს ქალთა განსაკუთრებულ ჰიგიენურ მოთხოვნებს.


სამაგიდო კვლევა ,,საყოფაცხოვრებო პირობები პენიტენციურ სისტემაში” მოამზადა ორგანიზაციამ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების
რეაბილიტაციისათვის“ (ავტორი: ნატალია ცაგარელი). კვლევა ჩატარდა ევროკავშირის ფინანსური
მხარდაჭერით, ,,ციხის საერთაშორისო რეფორმის სამხრეთ კავკასიის ოფისის პროექტის –
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო
საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში. კვლევის დოკუმენტის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი
და ტექსტში გადმოცემული მოსაზრებები არცერთ ვითარებაში არ შეიძლება ჩაითვალოს დონორის,
,,ციხის საერთაშორისო რეფორმის“ ან მისი პარტნიორი ორგანიზაციების პოზიციის გამომხატველად.

მასალების გადაბეჭდვის წესი