ლატვიელი სამოქალაქო საზოგადოების წევრები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. “თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს,”-ამბობენ ისინი.
გავრცელებულ ვიდეოში ორგანიზაცია “ბალტიკა შავი ზღვის ალიანსის” ხელმძღვანელი ამბობს, რომ გაფრინდაშვილი საკუთარ მოვალეობას მის ტერიტორიაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ახორციელებდა. “ჩვენ, ლატვიური სამოქალაქო ორგანიზაციები, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მოვითხოვთ,”-ამბობს სარმილტე ელერტე.
“ბალტიკა შავი ზღვის ალიანსის გარდა”, მიმართვას “ევროპული მოძრაობა-ლატვიის” პრეზიდენტი ანდრის გობინსიც უერთდება. როგორც ის ამბობს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხალხი უჩინარდება, შემდეგ კი მათი სამართლებრივი დევნა პოლიტიკური მოტივებით ხდება.
ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა. გაფრინდაშვილს ადგილზე სახაზინო ადვოკატიც დაუნიშნეს.