ახალი ამბები

“ექიმის მთავარი რელიგია პაციენტია”- ინდოელი სტუდენტების სოლიდარობა გაფრინდაშვილს

21 ნოემბერი, 2019 • 2560
“ექიმის მთავარი რელიგია პაციენტია”- ინდოელი სტუდენტების სოლიდარობა გაფრინდაშვილს

24 ნოემბერს, 15:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტები, რომლებიც ინდოეთის მოქალაქეები არიან, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად მდუმარე მარშს გამართავენ.

“ინდური კულტურის ცენტრი საქართველოში“ – ასე ჰქვია ორგანიზაციას, რომელიც უკვე 3 წელია, რაც ქართველ მოქალაქეებს ინდურ კულტურასთან აახლოებს. სწორედ ამ ორგანიზაციამ დაგეგმა სოლიდარობის აქცია ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად.

ორგანიზაციის დამფუძნებელი დარისპან ფრაშერი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ თვითონ განათლებით ინჟინერია, თუმცა მისი ნაცნობებისა და მეგობრების უმეტესობა ახალგაზრდა სტუდენტები არიან, რომლებიც საქართველოში მედიცინას სწავლობენ. სწორედ ამიტომ,  გადაწყვიტა, რომ რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილისთვის სოლიდარობის მარში მოეწყო.

“ეს სტუდენტები მომავალში ექიმები გახდებიან, მსგავსი სიტუაცია კი შეიძლება ნებისმიერ ექიმს გადახდეს. როდესაც ადამიანი ექიმია, მისთვის პირველი რელიგია მისი საქმიანობა და პაციენტია – ექიმები არ უყურებენ პაციენტის რასას, კანის ფერს, მოქალაქეობას და ა.შ. სწორედ ამიტომ, გადავიდა ის ექიმი [ვაჟა გაფრინდაშვილი] რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ შევიკრიბოთ და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს“, – ამბობს დარისპან ფრაშერი.


ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა. გაფრინდაშვილს ადგილზე სახაზინო ადვოკატიც დაუნიშნეს.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

19 ნოემბერს ცხინვალის КГБ-მ [უშიშროების სამსახური] გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობდა სამხედრო ექიმისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტნის რანგში. აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს ქართული მხარე, მათ შორის გაფრინდაშვილის ოჯახი და მისი კოლეგები.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.

ამავე თემაზე:

ცხინვალი სავარაუდოდ ვაჟა გაფრინდაშვილის სატელეფონი საუბრების ჩანაწერებს აქვეყნებს

მასალების გადაბეჭდვის წესი