ახალი ამბები

“ოცნების ოფისთან” მოძრაობა “შეცვალეს” კიდევ ერთი წევრი, ტიტე გედენიძე დააკავეს

21 ნოემბერი, 2019 • 1591
“ოცნების ოფისთან” მოძრაობა “შეცვალეს” კიდევ ერთი წევრი, ტიტე გედენიძე დააკავეს

“ოცნების” ოფისთან, სადაც ბიძინა ივანიშვილი ელჩებთან შეხვედრას მართავს, მოძრაობა “შეცვალეს” კიდევ ერთი წევრი, ტიტე გედენიძე დააკავეს. ამ დროისთვის “ქართული ოცნების” ოფისთან მიმდინარე დღევანდელ აქციაზე “შეცვალეს” 4 წევრია დაკავებული.

შსს-ში ამბობენ, რომ გედენიძე ადმინისტრაციული წესით, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

4 დაკავებულიდან 3 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მიტანილი აქვთ ინგლისურ ენაზე დაბეჭდილი ბანერი, წარწერით “საქართველოში რეალური ცვლილებების დროა”, რომელიც სურთ ელჩებს დაანახონ, თუმცა პოლიცია მათ შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს.

ეს მეოთხე ლოკაციაა, სადაც დღეს აქცია გაიმართა. თავდაპირველად ოპოზიცია და აქტივისტები კანცელარიის შენობასთან იმყოფებოდნენ, სადაც მთავრობის ადმინისტრაციის შენობის ღობეს ბოქლომი დაადეს, შემდეგ კი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლეს.

სასამართლოს შემდეგ “შეცვალემ” და ახალგაზრდა ლეიბორისტებმა აქცია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართეს, რის შემდეგაც “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი