ახალი ამბები

რადგან არ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, კანონპროექტი ჩავარდა – თალაკვაძე პროპორციულზე

21 ნოემბერი, 2019 • 2702
რადგან არ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, კანონპროექტი ჩავარდა – თალაკვაძე პროპორციულზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროპულ მედიასაშუალება EURACTIV-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა, რომ მიზეზი, რის გამოც პროპორციული არჩევნების კანონპროექტი ჩავარდა, არის ის, რომ “ქართულ ოცნებას” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს.

EURACTIV არის ევროპული მედიაქსელი, რომელიც ძირითად აქცენტს ევროპის პოლიტიკაზე აკეთებს და ინფორმაციას 12 ენაზე ავრცელებს.

ჟურნალისტი პარლამენტის თავმჯდომარეს ეკითხება, რატომ ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს საქართველოში მიმდინარე აქციის მონაწილეები, რაზეც ის პასუხობს:

“გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა პროპორციული არჩევნების სისტემის 2020 წელს ამოქმედებას, ნაცვლად 2024 წლისა. მე მინდა ამას ხაზი გავუსვა: ეს კენჭისყრა ეხებოდა თარიღის ცვლილებას. ინიციტივა ჩავარდა, რადგან საჭირო იყო ხმების სამი მეოთხედი. “ქართულ ოცნებას” მყარად სწამს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა საშუალებას მოგვცემს, ჩვენს მმართველობით სისტემაში უფრო მეტი ხმა ისმოდეს. ეს არის ის მიზეზი, რის გამოც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა აიღო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივა”, – ამბობს თალაკვაძე და დასძენს, რომ ეს საკონსტიტუციო რეფორმა, მიუხედავად ოპოზიციის წინააღმდეგობისა, მმართველმა გუნდმა 2018 წელს განახორციელა და პროპორციული არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.

თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე იქვე ცდილობს ჟურნალისტის დარწმუნებას, რომ მაჟორიტარები თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ პროპორციული არჩევნების სისტემას.

“მეორე მხრივ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის იდეა განსაკუთრებული პოპულარობით არასდროს სარგებლობდა პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებში. ეს საჯაროდ ცნობილი იყო ერთი წლის წინ და ცნობილია ახლაც. მათი [მაჟორიტარების] ნაწილი ამ ცვლილებას შესაფერისი ენთუზიაზმით არც ერთი წლის წინ შეხვდა”, – ამბობს თალაკვაძე.

თუმცა პარლამენტის თავმჯდომარეს არაფერი უთქვამს უმრავლესობის იმ დეპუტატებზე, რომლებიც თავად აწერდნენ ხელს კანონპროექტს, თავად იყვნენ ინიციატორები, საჯაროდ უჭერდნენ მხარს და საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაშიც მონაწილეობდნენ, თუმცა დაპირების შესრულება ბოლო წამს გადაიფიქრეს.

მაგალითად, დიმიტრი ხუნდაძე აქტიურად მონაწილებდა საკონსტიტუციო განხილვებში, როგორც პროპორციული არჩევნების იდეის მომხრე, თუმცა, როდესაც კენჭისყრის დრო დადგა, კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდა.

ჟურნალისტმა თალაკვაძესთან სცადა დაზუსტება, 150-წევრიან პარლამენტში ფლობს თუ არა 115 ადგილს (საკონსტიტუციო უმრავლესობას).

“არა, “ქართულ ოცნებას” ახლა 93 ადგილი აქვს. ჩვენს პარლამენტში, 115 ადგილი სულ თავიდან გვქონდა. იმ დროს გვქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამას ვიყენებდით. ამის საშუალებით შევიტანეთ ცვლილებები კონსტუციაში, რომლის მიხედვითაც პროპორციული არჩევნები 2024 წელს გაიმართება. ამის შემდეგ ჩვენ დავკარგეთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამგვარად, ამ კენჭისყრამდე (პროპორციული არჩევნების 2020 წელს ჩატარება) ჩვენ არ გვქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამ ცვლილებისთვის გვჭირდებოდა, ოპოზიციასთან ერთად, საპარლამენტო უმრავლსობის ყველა  წევრის მხარდაჭერა. როგორც ვახსენე, სამწუხაროდ, მაჟორიტარმა დეპუტატებმა, რომლებიც ინიციატივის წინააღმდეგი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იყვნენ, პროექტს მხარი არ დაუჭირეს. და რადგან ჩვენ არ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, პროექტი ჩავარდა”, – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

ჟურნალისტი ჰკითხა პარლამენტის თავმჯდომარეს, “ქართული ოცნების” რამდენმა წევრმა არ დაუჭირა მხარი პროექტს, რაზეც უპასუხა:

“კანონპროექტს მხარი 101-მა პარლამენტარმა დაუჭირა, თუმცა მის მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. ამგვარად, საპარლამენტო უმრავლესობის დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა, დანარჩენმა დეპუტატებმა კი ხმა არ მისცეს. 30-40-მა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი. ეს იყო შედეგი”.

როდესაც არჩილ თალაკვაძე ინტერვიუში ამბობს, რომ “ქართული ოცნება” 93 ადგილს ფლობს, ეს ამ დროისათვის ზუსტი ინფორმაციაა, თუმცა პროპორციული არჩევნების სისტემის კენჭისყრისას ეს რაოდენობა გაცილებით მეტი იყო. “ოცნებიდან” სწორედ პროექტის ჩაგდების შემდეგ გავიდა 12 დეპუტატი და გახდა 93.

ვინ არ დაუჭირა მხარი პროპორციულ არჩევნებს [სია]

მასალების გადაბეჭდვის წესი