ახალი ამბები

ხელფასის დაგვიანების გამო ყოველთვე პროტესტი უწევთ – თბილავიამშენის თანამშრომლები კვლავ გაიფიცნენ

21 ნოემბერი, 2019 • 1382
ხელფასის დაგვიანების გამო ყოველთვე პროტესტი უწევთ – თბილავიამშენის თანამშრომლები კვლავ გაიფიცნენ

თბილისის საავიაციო ქარხანა “თბილავიამშენის” თანამშრომლები კვლავ გაიფიცნენ – მიზეზი, როგორც თვითონ ამბობენ, ხელფასების ყოველთვიური დაგვიანებაა. ნეტგაზეთს პროტესტის შესახებ ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის წარმომადგენელმა, გიორგი დიასამიძემ უთხრა.

დიასამიძე აცხადებს, რომ გაფიცვა უვეკ მე-5 დღეა რაც გრძელდება, თუმცა ყოველთვე აქ დასაქმებულებს ხელფასის დაგვიანების გამო პროტესტით გამოსვლა უწევთ.

“თებერვალის შემდეგ, როდესაც თანამშრომლები გაიფიცნენ, 2-3 თვის განმავლობაში, ხელფასების გაცემა გრძელდებოდა შეუფერხებლად… ამის შემდგომ, უკვე მე-5 თვეა, ყოველი თვის ბოლოს ხალხს ქუჩაში პროტესტით გამოსვლა უწევთ იმისთვის, რომ ხელფასი ჩაერიცხოთ.. გადის 1-2 კვირა და მხოლოდ ამის შემდეგ ირიცხება ანაზღაურება“, – ამბობს გიორგი დიასამიძე ნეტგაზეთთან საუბარში.

მისივე თქმით, ამ კონრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფო ყველანაირ პასუხისმგებლობას გაურბის და პროცესში არ ერევა. რაც შეეხება პრობლემის სათავეს, როგორც ქარხანაში დასაქმებულები აცხადებენ – ხელფასების დარიგება იმიტომ ფერხდება, რომ კომპანიის გენერალურ დირექტორსა და აღმასრულებელ დირექტორს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობს.

“ჯერჯერობით ეს ხალხი გაფიცულია, თუმცა, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ისინი უფრო რადიკალურ ვარიანტებსაც განიხილავენ, მათ შორის, არის შიმშილობაც. რაც შეეხება მათ ხელფასებს, ანაზღაურება სამნიშნა რიცხვს არ აღემატება“, – განმარტავს გიორგი დიასამიძე.

დიასამიძე იხსენებს, რომ ბოლო გაფიცვის შემდეგ, ქარხანაში დასაქმებულებს ხელფასი მოემატათ, თუმცა მათი შრომითი უფლებები ყოველთვიურად მაინც ირღვევა.

ნეტგაზეთი ცდილობს დაკავშირებას “თბილავიამშენის“ ადმინისტრაციასთანაც. მათი პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

“თბილავიამშენის“ თებერვლის აქციაზე ვრცლად წაიკითხეთ ნეტგაზეთის არქივიდან:

“შრომა უნდა დაგვიფასონ” — “თბილავიამშენის” მუშებმა გაფიცვა დაიწყეს

მასალების გადაბეჭდვის წესი