ახალი ამბები

18 ნოემბერს დაკავებულთაგან კიდევ ხუთს პატიმრობა დაეკისრა, ერთს – სიტყვიერი გაფრთხილება

21 ნოემბერი, 2019 • 1306
18 ნოემბერს დაკავებულთაგან კიდევ ხუთს პატიმრობა დაეკისრა, ერთს – სიტყვიერი გაფრთხილება

18 ნოემბერს კიდევ 5 დაკავებულს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა დააკისრა, ერთს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

მათ შორის, ირაკლი ნადირაძეს – 13 დღით, გიგა მაქარაშვილს – 12, დიმიტრი ბიძინაშვილს – 13, ირაკლი კაჭარავას და დავით მჟავანაძეს კი – 4 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრათ, პაატა შუშანაშვილს კი სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

მანამდე, აქციაზე დაკავებულთაგან კიდევ 5 პირს სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის სახით პატიმრობა დააკისრა. მათ შორის, ბექა ბასილაიას 13 დღით, ელგუჯა ბაგრატიონს- 12, ლუკა ჭიჭინაძეს და გიორგი ბუნტურს- 5, ხოლო ზუკა ბერძენიშვილს 7 დღით.

რაც შეეხება გურამ მჭედლიშვილს, მას სასამართლომ 1000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

სავარაუდოდ, დღესვე გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე კიდევ 6 დაკავებულის საქმეზე, რომელთა შორის გიგა მაქარაშვილი და ირაკლი ნადირაძე არიან.

როგორც დაკავებულთა ერთ-ერთმა ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ პროცესის დასრულების შემდეგ თქვა, სასამართლომ აღნიშნული პირები სამართალდამრღვევებად ცნო პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ დაუდგენია ხულიგნობა, რასაც შსს ასევე ედავებოდა დაკავებულებს. როგორც მშვენიერაძე ამბობს, გადაწყვეტილებების ჩაბარების შემდეგ ისინი აუცილებლად გაასაჩივრებენ სააპელაციო სასამართლოში.

18 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული დანარჩენი 25 პირის საქმის განხილვა კი ისევ გადაიდო. სასამართლო სულ 37 დაკავებულის საქმეს განიხილავდა. 37-ვე საქმე ერთ მოსამართლეს დაეწერა.

როგორც “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი ნანა ქურდოვანიძე ამბობს, მხარეები მთელი დღის განმავლობაში სასამართლოში იმყოფებოდნენ:

“მოსამართლემ 37 პირის საქმიდან 25-ის საქმე ისევ გადადო. ანუ დღეს მთელი დღე სხდომის დაწყების ნაცვლად მათ გადადებას ველოდებოდით. მგონი, მოსამართლე რაღაც კარგ თამაშს გვეთამაშება და ჯერ წესებს ვერ ვიგებთ” ,- წერს ფეისბუკზე იურისტი, რომელიც რამდენიმე პირის ინტერესებს იცავს.

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული ყველა პირის საქმეს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი