ახალი ამბები

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთაგან ხუთს პატიმრობა, ერთს კი ჯარიმა დაეკისრა

21 ნოემბერი, 2019 • 1200
18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთაგან ხუთს პატიმრობა, ერთს კი ჯარიმა დაეკისრა

18 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულთაგან 5 პირს სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის სახით პატიმრობა დააკისრა. მათ შორის, ბექა ბასილაიას 13 დღით, ელგუჯა ბაგრატიონს- 12, ლუკა ჭიჭინაძეს და გიორგი ბუნტურს- 5, ხოლო ზუკა ბერძენიშვილს 7 დღით.

რაც შეეხება გურამ მჭედლიშვილს, მას სასამართლომ 1000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

სავარაუდოდ, დღესვე გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე კიდევ 6 დაკავებულის საქმეზე, რომელთა შორის გიგა მაქარაშვილი და ირაკლი ნადირაძე არიან.

18 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული დანარჩენი 25 პირის საქმის განხილვა კი ისევ გადაიდო. სასამართლო სულ 37 დაკავებულის საქმეს განიხილავდა. 37-ვე საქმე ერთ მოსამართლეს დაეწერა.

როგორც “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი ნანა ქურდოვანიძე ამბობს, მხარეები მთელი დღის განმავლობაში სასამართლოში იმყოფებოდნენ:

“მოსამართლემ 37 პირის საქმიდან 25-ის საქმე ისევ გადადო. ანუ დღეს მთელი დღე სხდომის დაწყების ნაცვლად მათ გადადებას ველოდებოდით. მგონი, მოსამართლე რაღაც კარგ თამაშს გვეთამაშება და ჯერ წესებს ვერ ვიგებთ” ,- წერს ფეისბუკზე იურისტი, რომელიც რამდენიმე პირის ინტერესებს იცავს.

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული ყველა პირის საქმეს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი