ნეტგაზეთი | 8 მიზეზი, რის გამოც ევროკომისიის ანგარიშით საქართველო უვიზო რეჟიმს დღეს არ იმსახურებს 8 მიზეზი, რის გამოც ევროკომისიის ანგარიშით საქართველო უვიზო რეჟიმს დღეს არ იმსახურებს – Netgazeti
RU | GE  

8 მიზეზი, რის გამოც ევროკომისიის ანგარიშით საქართველო უვიზო რეჟიმს დღეს არ იმსახურებს

საზოგადოების ნაწილი ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას რიგის სამიტისთვის ელის, ევროკომისიის ახალ დასკვნა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, მოკლე დროში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს აღნიშნავს, თუმცა ამბობს, რომ საქართველოს სამოქმედო გეგმა ჯერ ბოლომდე არ შეუსრულებია.

“საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელების პროცესის და შედეგების სიღრმისეულმა ანალიზმა ცხადყო, რომ ზოგადად, საკანონმდებლო ჩარჩო და პოლიტიკა, ისევე, როგორც ინსტიტუციური და ორგანიზაციული პრინციპებისა და პროცედურების ეთრიანობა, შეესაბამება საუკეთესო ევროპულ და საერთაშორის სტანდარტებს. ამიტომ ევროკომისია თვლის, რომ საქართველო ძირითადად ასრულებს ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ მეორე ფაზის ნიშნულებს”, – წერია ევროკომისიის ანგარიშში საქართველოს მიერ ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ განხორციელების შესახებ, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველომ სამოქმედო გეგმა სრულად დახურა, რის შემდეგაც პროცედურულად ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების რეკომენდაცია უნდა მისცეს.

საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი ევროკავშირმა 2012 წლის ივნისში დაიწყო. 2013 წლის თებერვალში ევროკომისიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა“ (VLAP). გეგმაში განსაზღვრული იყო ნიშნულები (benchmarks), რომლებიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს, რომ ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ მოკლე ვადით შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლა. ასეთი სულ 15 ნიშნულია. VLAP-ის პირველი ფაზა ზემოხსენებული ნიშნულების დასარეგულირებლად საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას ითვალისწინებდა, რაც საქართველომ უკვე წარმატებით დახურა, ხოლო მეორე ფაზაში ევროკომისია ამოწმებს, რამდენად მუშაობს რეალურად მიღებული კანონმდებლობა და ხორციელდება თუ არა რეფორმები.

დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 15-დან შვიდი ნიშნული საქართველომ მთლიანად დააკმაყოფილა, ხოლო 8 ნიშნული ჯერ ბოლომდე არაა შესრულებული.

1. დოკუმენტების უსაფრთხოება, ბიომეტრიის ჩათვლით – ევროკომისიის დასკვნით, დაკმაყოფილებულად ითვლება.

2. საზღვრის ინტეგრირებული მართვა – დაკმაყოფილებულად ითვლება.

3. მიგრაციის მართვა – თითქმის შესრულებულად ითვლება.

4. თავშესაფრის პოლიტიკა – ნაწილობრივ შესრულებულად ითვლება და არსებობს შემდგომი წინსვლის კარგი პერსპექტივა.

5. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და მისი პრევენცია – შესრულებულად ითვლება.

6.  ადამიანთა ტრეფიკინგი – ნაწილობრივ შესრულებულად ითვლება და არსებობს შემდგომი წინსვლის კარგი პერსპექტივები.

7. კორუფციის თავიდან აცილება და ბრძოლა მის წინააღმდეგ – ნაწილობრივ დაკმაყოფილებულად ითვლება და არსებობს შემდგომი პროგრესის პერსპექტივა.

8. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა – თითქმის დაკმაყოფილებულად ითვლება.

9. ნარკოტიკები – ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული ნიშნულები ნაწილობრივ დაკმაყოფილებულად ითვლება და არსებობს შემდგომი პროგრესის პერსპექტივა.

 

10. სასამართლო თანამშრომლობა სისხლის სამართლის საკითხებში – დაკმაყოფილებულად ითვლება.

 

11. თანამშრომლობა სამართალდამცველ უწყებებს შორის – თითქმის დაკმაყოფილებულად ითვლება.

 

12. პერსონალურ მონაცემთა დაცვა – დაკმაყოფილებულად ითვლება.

13 . საქართველოს ფარგლებში გადაადგილების თავისუფლება – დაკმაყოფილებულად ითვლება.

 

14. სამგზავრო და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის ნიშნულები და პროცედურები – დაკმაყოფილებულად ითვლება.

 

15. მოქალაქეთა უფლებები, მათ შორის უმცირესობათა დაცვა – თითქმის დაკმაყოფილებულად ითვლება.

ანგარიშში ევროკომისია საქართველოს ასევე აძლევს მთელ რიგ რეკომენდაციებს იმისათვის, რომ ზემოხსენებული ნიშნულები ბოლომდე შესრულებულად [დაკმაყოფილებულად] ჩაითვალოს. მათ შორის, ევროკომისიის განცხადებით, უნდა ჩატარდეს უფრო ინტენსიური საინფორმაციო კამპანიები რეგიონულ, ადგილობრივ და ყველა სხვა დონეზე საქართველოს მოქალაქეების სამომავლო უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. გარდა ამისა, საქართველომ უნდა გააგრძელოს ჰუმანიტარულ საფუძველზე ვიზების გაცემის პროცედურების შემუშავებაზე მუშაობა; ნარკოტიკების საკითხზე ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ საქართველომ გაითვალისწინოს სამართლებრივი კონტროლის შემოღება პოლიციის მიერ დაუგეგმავად განხორციელებულ ნარკოშემოწმებებზე. რაც შეეხება ადამიანის უფლებების საკითხს, ანგარიშში წერია, რომ საქართველომ უნდა გააფართოოს და განაგრძოს საქმიანობა თანასწორობის, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ფართო საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით; გაააქტიუროს ძალისხმევა უმცირესობათა თემების ინფორმირებულობის გასაზრდელად მათი უფლებებისა და არსებული სახელმწიფო სერვისებისა და დახმარებების შესახებ; მიიღოს ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშესაწყობად წინა სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში მიღებული გამოცდილების სრულად გათვალისწინებით, ამ გეგმის ქმედითი განხორციელებისთვის ადეკვატური დაფინანსების უზრუნველყოფით და მონიტორინგის ქმედითი მექანიზმების ჩამოყალიბებით მისაღწევი მიზნობრივი ინდიკატორებითა და მაჩვენებლებით. ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას შეგიძლიათ სრულად გაეცნოთ ამ ბმულზე.


ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ფიქრობს, რომ საქართველოს შესწევს ძალა ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ბოლომდე მიიყვანოს დარჩენილი საკითხები:

 

“მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს შესწევს უნარი წარმატებით დაასრულოს ის დარჩენილი საკითხები და უახლოეს თვეებში საბოლოოდ მიიღოს დადებითი დასკვნა ევროკომისიისაგან სავიზო რეჟიმის ლიბერლაიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების თაობაზე. ამ შემთხვევაში მიღწეული იქნება ეს საბოლოო მიზანი, რომელიც დაკავშირებულია უვიზო მიმოსვლასთან”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა და დასძინა, რომ ეს მისი პირადი აზრია.

 

რაც შეეხება მოლოდინებს რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კონტექსტში, ელჩი ამბობს, რომ აქ პროცესები ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთ. 

 

“ვიქნები ძალიან მკაფიო. თქვენს წინაშე წარმოდგენილია ევროკომისიის ანგარიში. ეს არის ტექნიკურ შეფასებებზე დაფუძნებული დოკუმენტი. თუ ყველაფერი სათანადოდ წარიმართება და საქართველო განაგრძობს ამ თემაზე აქტიურად მუშაობას, უახლოეს პერიოდში ევროკომისია გააკეთებს დასკვნას იმის თაობაზე, რომ საქართველომ ყველა საჭირო წინაპირობა შეასრულა. სწორედ ამიტომაც, მოსლაოდნელია, რომ ევროკომისიის შემდგომი ანგარიში სავიზო რეჟიმის თაობაზე წლის ბოლომდე გამოვა. თუ შემდგომი ანგარიში დაასკვნის, რომ საქართველომ დააკმაყოფილა ყველა სამიზნე ამოცანა, ევროკომისია ევროკავშირის საბჭოს და წევრ სახელმწიფოებს მისცემს რეკომენდაციას, რომ მათ სათანადო გადაწყვეტილება მიიღონ სავიზო რეჟიმის თაობაზე. როდესაც ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება, მას ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო მიიღებს. ამგვარად გარკვეულწილად ეს პროცესი განსხვავდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში თანამშრომლობის პროცესისასგან. რიგაში არა 28, არამედ 34 (ევროკავშირის 27 და აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანა) სახელმწიფო იქნება წარმოდგენილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ რიგის სამიტი მიღწეულ წინსვლას გაითვალისწინებს, მაგრამ [სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე] ტექნიკური პროცესი და გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ ევროკავშირის კონტექსტში ხდება”, – განაცხადა ელჩმა.

 

ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის ბოლომდე ევროკომისია VLAP-ის განხორციელების ფარგლებში კიდევ ერთ, რიგით მეოთხე შეფასებით ანგარიშს გამოაქვეყნებს. იქნება თუ არა მეოთხე ანგარიში უკანასკნელი, რის შემდეგაც საქართველო გეგმას დახურავს? – ევროკავშირის ელჩმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ეს საქართველოს მუშაობაზე დამოკიდებული. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს 2013 წელს გადაეცა, მისი დასრულების კონკრეტულ ვადებს არ განსაზღვრავს. ის დასრულდება მაშინ, როდესაც ქვეყანა ნიშნულებს დააკმაყოფილებს. მაგალითად, უკრაინა, რომელიც ამ თემაზე ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან, VLAP-ის მეორე ფაზაზე მხოლოდ პროგრესის 4 ანგარიშის შედეგად გადავიდა, საქართველომ ეს ყველაფერი 2 ანგარიშის შედეგად შეძლო.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გადაწყვეტილება მხოლოდ მის ტექნიკურ გეგმაზე არ არის დამოკიდებული და ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა მიიღონ კონსენსუსის საფუძველზე. სამოქმედო გეგმის ტექნიკურ დეტალებს ევროკომისია ამოწმებს, ხოლო პოლიტიკურ ნაწილზე გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ ევროკავშირის საბჭოსთან ერთად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დათო ქოქოშვილი