ახალი ამბები

საქართველოს მასშტაბით 7 ადგილას ტყე იწვის

19 ნოემბერი, 2019 • 1273
საქართველოს მასშტაბით 7 ადგილას ტყე იწვის

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ამ დროისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ტყის ქვედა საფარის ხანძრის 7 კერაა: სვანეთში, სამეგრელოში, რაჭასა და აჭარაში.

უწყების ინფორმაციით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევრალის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობით სამუშაოებში დილიდან ჩართულია 120-მდე მეხანძრე-მაშველი. ასევე, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ცხუმარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობით სამუშაოებში დილიდან ჩართულია 20-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარზე გავრცელებული ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართულია 30-მდე მეხანძრე-მაშველი და სახანძრო ავტოტექნიკა. რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიდაშელების მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობით სამუშაოებში დილიდან ჩართულია 60-მდე მეხანძრე-მაშველი, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარის მიმდებარედ კი, ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობით სამუშაოებში დილიდან ჩართულია 60-მდე მეხანძრე-მაშველი.

აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ რიყეთში ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს, მიმდინარეობს კერების სალიკვიდაციო სამუშაოები, ადგილზე მუშაობს 45 მეხანძრე-მაშველი.

სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს მიმდებარედ,  ფერდობზე  იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ტერიტორია არის სახანძრო ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზე. დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი.

ხანძრის კერებთან, ადგილებზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე, სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწყემსებს, მონადირეებს, ტყეში გირჩის შესაგროვებლად შესულ ადგილობრივ მოსახლეობას, ლაშქრობის მოყვარულებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებს.

“თქვენმა შესაძლო დაუდევრობამ შესაძლებელია, ბუნებას დიდი ზიანი მიაყენოს. ცხელი ზაფხულის შემდეგ საქართველოში შემოდგომაც მშრალი ამინდებით გამოირჩევა. შედეგად, ტყის ქვედა საფარი გამომშრალია, რაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას იწვევს. ამიტომ, მოგიწოდებთ, იყოთ მაქსიმალურად ფრთხილად და ყურადღებით”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

მხოლოდ ნოემბერში საქართველოს მასშტაბით დაფიქსირდა ტყის ქვედა საფარის ხანძრის 44 ფაქტი: კახეთში – 3, შიდა ქართლში – 3, ქვემო ქართლში – 9, სამცხე-ჯავახეთში – 4, იმერეთში – 9, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 6, რაჭაში – 3, აჭარაში – 3, გურიაში – 1. ჯამში, მათ სალიკვიდაციო სამუშაოებზე 1500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მსგავს შემთხვევებში სალიკვიდაციო სამუშაოებს რთული რელიეფი აძნელებს, კერებამდე ვერ ხერხდება სახანძრო ტექნიკის მისვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი