ახალი ამბები

აღსრულების ბიურო დიღომში ბინიდან ოჯახის ძალით გამოსახლებას ცდილობს

19 ნოემბერი, 2019 • 2051
აღსრულების ბიურო დიღომში ბინიდან ოჯახის ძალით გამოსახლებას ცდილობს

აღსრულების ბიურო თბილისში, დიღმის მასივში, საცხოვრებელი ბინიდან ოჯახის გამოსახლებას ცდილობს, რასაც ეს ოჯახი და მისი ახლობლები ეწინააღმდეგებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

როგორც ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ბაია სეხნიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, პოლიციამ ბინიდან ავეჯი სრულად გაიტანა და მხოლოდ ერთი საწოლი დატოვა:

“ერთო საწოლია დარჩენილი, რომელზეც დედაჩემი წევს. არ ვიცი, ამ საწოლსაც თუ წაიღებენ და ჩვენც გაგვიყვანენ. სხვაგვარად ჩვენ არ გავალთ. “

როგორც მან გვითხრა, ამ წუთებში სახლში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელია. სახლში კი დედა და ორი შვილი იმყოფებიან.

სახლის კიდევ ერთი მეპატრონე ილია სეხნიაშვილი, რომელიც ეზოშია, დახმარებას თბილისის მერიას სთხოვს.

როგორც ილია სეხნიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, წლების წინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან იპოთეკური სესხი $15 000 აიღეს, თუმცა პროცენტი ვერ გადაიხადეს და ბინა იპოთეკარმა აუქციონზე გასაყიდად გაიტანა. სეხნიაშვილის თქმით, პარლალელურად ცდილობდა ბინის გაყიდვას, თუმცა აუქციონის ვადებში ეს ვერ მოახერხა და ბინა გაიყიდა. მისი ოჯახის გამოსახლებას სწორედ ბინის ახალი მფლობელი ითხოვს.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობით, აღნიშნულ საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილება გამოსახლების შესახებ უწყებას 2017 წელს გადაეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი