ცხინვალი

ცხინვალში ილიას მეორის მიმართვას სასაცილოს და არაადეკვატურს უწოდებენ

ცხინვალში სასაცილოს და არაადეკვატურს უწოდებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის რუსეთის პატრიარქისადმი მიმართვას სოხუმსა და ცხინვალში რუსი სასულიერო პირების გაგზავნის საკითხზე.

“ეკლესია სახელმწიფოსგან განცალკევებულია, მაგრამ მაინც აქტიურად ერევა, როგორც ხედავთ. სამხრეთ ოსეთში მიჩვეული არიან, რომ საქართველოს ეკლესიის პასუხები და რეაქციები აბსოლუტურად არაადეკვატურია.

აგვისტოს მოვლენების შემდეგ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ლენინგორის რაიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები მსახურობენ. ისინი მსგავსი ტონით არასოდეს უხსნებია ვინმეს… საქართველოს კათოლიკოსის განცხადება, ჩემი აზრით, სასაცილოა. ამის საპასუხოდ ჩვენ შეგვეძლო, ლენინგორიდან სასულიერო პირების გაყვანა მოგვეთხოვა. რამდენჯერაც რამე მოხდება ოსებსა და ქართველებს შორის, სწორედ საქართველოს ეკლესია ასრულებს ამ საკითხებში რეაქციულ როლს”, – აცხადებს ოსურ მედიასთან საუბარში დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწე რელიგიის საკითხებში სონია ხუბაევა.

“საეკლესიო კანონიდან გამომდინარე, მიუღებელია ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენი ნებართვის გარეშე სხვა რომელიმე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა გამოგზავნა. როგორც სამხედრო, ისე ჩვეულებრივ საერო სივრცეში სამოღვაწეოდ. ასეთი ქმედება ძაბავს და ამწვავებს ვითარებას”, – ვკითხულობთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის წერილში, რომელიც რუსეთის პატრიარქ კირილს გაუგზავნა.

სოხუმსა და ცხინვალში სასულიერო პირთა გაგზავნა მიუღებელია – ილია მეორე კირილს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი