ახალი ამბები

გამოკითხულთა 76% პროდასავლურ საგარეო კურსს უჭერს მხარს – IRI

19 ნოემბერი, 2019 •
გამოკითხულთა 76% პროდასავლურ საგარეო კურსს უჭერს მხარს – IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 76% პროდასავლურ საგარეო კურსს უჭერს მხარს. თუ ამ მონაცემებს 2018 წელსა და 2019 წლის იანვარში ჩატარებულ კვლევებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ეს მონაცემი თითქმის არ შეცვლილა.

IRI-მ კვლევის პროცესში მოსახლეობას ასევე ჰკითხა, დასრულდა თუ არა საქართველოში რუსეთის აგრესია, თუ კვლავ გრძელდება. გამოკითხულთა 77% პასუხობს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე აგრესიას კვლავ აგრძელებს.

გამოკითხულთა 83% რუსეთს საქართველოსთვის პოლიტიკური საფრთხის შემცველად ასახელებს. 72%-ის აზრით კი, რუსეთი საქართველოსთვის ეკონომიკური საფრთხის შემცველიცაა.

კითხვაზე, რომელია საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორი ქვეყანა, გამოკითხულთა 52%-ის აზრით, ასეთი ქვეყანა არის აშშ. მეორე ადგილს 50%-ით ევროკავშირი იკავებს. რაც შეეხება საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორებს, აქ 37%-ის აზრით, ევროკავშირი ლიდერობს. მეორეზეა აშშ 33%-ით.

კვლევა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში IRI-ის დაკვეთით და USAID-ის დაფინანსებით ჩაატარა Baltic Surveys/The Gallup Organization-მა. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არ აღემატება +/- 2.5 პროცენტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი