ახალი ამბები

ხვალ ორი აქცია გაიმართება: სასამართლოსთან და რუსთაველზე

18 ნოემბერი, 2019 • 1827
ხვალ ორი აქცია გაიმართება: სასამართლოსთან და რუსთაველზე

მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში”, რომელიც რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია, ამბობს, რომ ხვალ, 10 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას გამართავენ დღეს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით.

საპროტესტო აქცია ასევე გაიმართება ხვალ, საღამოს, 19:00 საათზე პარლამენტთანაც.

ამის შესახებ სიტყვით გამოსვლისას მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ჯერჯერობით სხვა სამომავლო გეგმებზე საუბარი ნაადრევია. დიღმელაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი აქციის შემდეგ მოძრაობა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად კონსულტაციებს გამართავს.

აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი ლექსო მაჭავარიანი ამბობს, რომ “სირცხვილიას” წვრები ახლა შეხვდებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, თუმცა მხოლოდ მათ, ვინც მისი თქმით, გუშინდელი ღამე პარლამენტთან გაათიეს, დღეს კი მათთან ერთად იბრძოდნენ.

სპეცდანიშნულების რაზმებმა 18 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარედ აქცია დაშალეს და საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებული შესასვლელები გაათავისუფლეს. ოპოზიცია უკვე რამდენიმე დღეა მართავს აქციას, რომლის მთავარი მოთხოვნაც ხელისუფლების გადადგომა და ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა.

საქართველოში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ” არ შეასრულა დანაპირები, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი