ახალი ამბები

კარპენტერი: მმართველმა პარტიამ ძალიან ცინიკური გათვლა გააკეთა

18 ნოემბერი, 2019 • 1029
კარპენტერი: მმართველმა პარტიამ ძალიან ცინიკური გათვლა გააკეთა

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე და ამჟამად პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი თბილისში დღეს განვითარებულ მოლენებს აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, ამავე დროს კი სამოქალაქო ჯგუფებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მისცენ პარლამენტს მუშაობის შესაძლებლობა.

“ეს არის დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები, მაგრამ ამის მისაღწევად აუცილებელია დიალოგი”, – განუცხადა კარპენტერმა “ამერიკის ხმას”.

“მმართველმა პარტიამ, როგორც ჩანს, გააკეთა ძლიერ ცინიკური გათვლა იმაზე, რომ მას შეუძლია უკან წაიღოს საკუთარი პირობა და ის, რომ საჭირო ხმათა უზრუნველყოფა არ მოხდა, პარტიის შიგნით არსებული უთანხმოების მიზეზით ახსნას”, – ამბობს მაიკლ კარპენტერი.

მისი თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა თავის დროზე ძალიან გონივრული წინადადება იყო და მმართველმა პარტიამ კიდევ ერთი კენჭისყრა უნდა ჩაატაროს, პარტიის ლიდერებმა კი ამ თემაზე საჯაროდ მოითხოვონ პარტიის ერთსულოვნება.

“ქართული საზოგადოების პოლარიზება პირდაპირ საქართველოს მტრების სასურველ როლს თამაშობს, მათ აძლევს ხელს და ქმნის ატმოსფეროს, რომელშიც მომავალ წელს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება რთულდება”, – აცხადებს კარპენტერი.

18 ნოემბერს პოლიციამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფების წარმომადგენლებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი დემონსტრანტები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს, აიღეს კარვები და ქვიშის ტომრები. დაკავებულია 18 პირი, რამდენიმე კი დაშავდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი